/“ბოსლობის” ტრადიცია რაჭაში

“ბოსლობის” ტრადიცია რაჭაში

Spread the love

 

ბოსლობის რიტუალი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში განსხვავებული წესებით სრულდებოდა. მათ შორის, წეს-ჩვეულებების სახესხვაობა შეინიშნება ზემო და ქვემო რაჭაშიც.

გადმოცემის მიხედვით, ბოსლობა რაჭაში ყველიერის წინა შაბათს აღინიშნებოდა. მას მეტად მკაცრად იცავდა რაჭველი გლეხი. ბოსლობამდე ერთი კვირით ადრე იწყებოდა უქმობა. მამაკაცებს ეკრძალებოდათ ნაჯახის, წალდის, ჩაქუჩის და სხვათა ხმარება, ხოლო ქალებს მატყლის ჩეჩვა, რთვა, ქსოვა.

იკრძალებოდა ჭრა- კერვა – მღრღნელებს მოსავალი რომ არ დაეჭრათ. არც ნემსის ხმარება შეიძლებოდა- საქონელს თვალები აეკერებაო. ზოგ სოფელში თმასაც კი არ ივარცხნიდნენ, ნათესი რომ არ გამეჩხერებულიყო.

ბოსლობის დღეს , ვახშმამდე მარხულობდა მთელი ოჯახი, რათა მათი რწმენით საქონელი ნადირისაგან დაეცვათ. ბოსლობა ძირითადად მსხვილფეხა საქონლის გამრავლებისა და კეთილდღეობისათვის იყო.

ქვემო რაჭაში ბოსლობის წინა დღეს, ე.ი ყველიერის წინა პარასკევს,  „ღორების პარასკევს“ – „კაი პარასკევს“ ეძახდნენ.

ბოსლობას საღამოს ცხვებოდა საბოსლო განატეხი, „შეკეცილი“, „ლობუანი“, „ბაჭული“.( ოჯახში რამდენი წევრიც იყო იმდენ „ბაჭულს“ აცხობდნენ)

ელიბო მაისურაძის ცნობით: „ჯია – ბუა ლობიანი კი არა, პური იყო საფუვრით მოცომილი, რომელსაც ზემოდან ჰქონდა დაკრული ორი უღელი ტაბიკებით. ზედაპირის დარჩენილ ადგილს სამი თითით „დავტატავდით“, მოვაჭრელებდით და ვეტყოდით: ჯია-ბუა,ჯია-ბუა,გვიჩ,გვიჩ! ბოსლობა დღეს ბოსელში ჩავიტანდით განატეხს, ჯია-ბუას, კვერცხს, სანთელს, ღვინოს, ღორის მსუქან ხორცს. „ჯია-ბუა“ ისე უნდა გაგეტეხა და შეგეჭამა, რომ უღელი არ დამტვრეულიყო.“

სოფელ ბოსტანას მკვიდრის, ს. ჯანგიძის მონათხრობით, ბოსლობას განატეხს აცხობდნენ. წინაღამით კი, ბოსელში კვერცხს მალავდნენ. მეორე დღეს რომელი ბავშვიც იპოვიდა, გამარჯვებულიც ის იყო და მთელი წელიც ჯანმრთელი იქნებოდა.

ქვემო რაჭაში ბოსლობა დღეს ოჯახის უფროსი კაცი  „ვაზის განატეხით“  – „მტევანათი“ ვენახში გადიოდა, გარს  შემოუვლიდა ვაზებს, დაილოცებოდა, ღვინოს ვაზის ძირში მოაქცევდა და წმინდა ელიას შეავედრებდა, გვალვისგან დაეცვა მისი ვენახი.

ბოსლობის ტრადიცია დღეს ალბათ აღარსად სრულდება. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ამ ტრადიციასთან დაკავშირებით, გაგვიზიარეთ.

ავტორი იზო ჯოხაძე (“რაჭული ტრადიციები”)


Spread the love