/სოფელი წესი

სოფელი წესი

Spread the love

XX ის 20-იან წლებში სოფ. წესის მიდამოებში . ბოჭორიძემ აღწერა ხუთი ეკლესია:

სოფლის დასავლეთით დგას ველეთის წმინდა გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია (5,7X7 მ). ეკლესიის ვერცხლით მოჭედილ წმინდა გიორგის ჯვარზე წარწერაა: „წმ. გიორგი შეიწყალე ხევი წესისაი“ (ბოჭორიძე 1994: 169);

 

კვარაციხის მთავარანგელოზის ეკლესია ადრე ხის იყო (უვაროვა 1894: 120), შემდეგში ქვითკირით აუშენებიათ. 1991 წ. მიწისძვრის შედეგად კლდე, რომელზედაც იდგა კვარაციხე და ეკლესია მთლიანად დაიქცა (გიორგაძე 1991: 69, 70);

 

სოფ. წესის ვარდის უბანში ანუ სავარდე გორაზე დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (5X3 მ). კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით.

დასავლეთის კარისთავზე, ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია პაატა გოცირიძე, როგორც ეკლესიის შემამკობელი. წარწერა XVI-XVII სს-ით თარიღდება. ეკლესიაც ამ პერიოდშია აშენებული (ბოჭორიძე 1994: 170);

 

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია დგას ერისთავების ეზოში. ეკლესია გუმბათიანია. ნაგებია თლილი ქვით. გეგმაში სწორკუთხედია (ბერიძე 1974: 174). აგებულია 1753 წ. როსტომ რაჭის ერისთავის დაკვეთით, ხუროთმოძღვარ ავთანდილ შულავრელის მიერ.

 

ამას გვაუწყებს აღმოსავლეთის სარკმელისთავზე ჯვრის ქვეშ ამოკვეთილი მხედრული წარწერა (ბოჭორიძე 1994: 171-174). ეკლესიას კარი აქვს დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.

 

აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ჩუქურთმიანი ჯვარი. კანკელი ხისაა. სამივე კარის თავზე ამოკვეთილია ასომთავრული და მხედრული წარწერები, სადაც მოხსენიებულია როსტომ რაჭის ერისთავი, რომელმაც 1753 წ. აღაშენა ბარაკონის ეკლესია.

ეკლესიის შიგნით კანკელის წინ, სამხრეთის მხარეს ჩუქურთმებით შემკული საფლავის ქვაა. მისი მხედრული წარწერა იუწყება, რომ იქ განისვენებს 1766 წ. გარდაცვლილი ეკლესიის ამშენებელი როსტომ რაჭის ერისთავი (ბოჭორიძე 1994: 174);

ბარაკონის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხის გასწვრივ ძველი ბარაკონის ნანგრევებია, რომელიც აშენებული ყოფილა შირიმის ქვით. ეკლესია დარბაზული იყო (6,4X3,2 მ).„ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი


Spread the love