ქართველების საჩუქარი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს, წმინდა გიორგი მძლეველის ხატს (XV საუკუნე)
ერმიტაჟის კოლექციაში ქართული შუასაუკუნეობრივი ხელოვნების რამდენიმე ნიმუშია შემორჩენილი, მათგან აღსანიშნავია წმინდა გიორგი მძლეველი – ორმხრივი ჭედური ხატი, რომელიც ერმიტაჟის მუზეუმში 1880 წელს, პეტერგოფიდან, ალექსანდრიის აგარაკის შინა ეკლესიიდან მოხვდა.
წმინდანის ჭედური თავი ოდესღაც უხეშად ამოუჭრიათ და აქატის თავით შეუცვლიათ. ასეთი სახით ხატი ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხვდა, 1837 წელს კი იგი რუსეთის იმპერატორს – ნიკოლოზ I მიართვა საჩუქრად ზუგდიდის წმინდა გიორგის ტაძრის სამღვდელოებამ .
ხატის უკანა მხარეს, ცენტრში მოოქროული ფირფიტაა ჩადგმული აყვავებული ჯვრის გამოსახულებით, ფირფიტის ზემოთ და ქვედა მხარეს ხატის შემკვეთის – დედოფალ ელენეს ოთხსტრიქონიანი წარწერაა:
„წმინდა გიორგი შეიწიე (?) გიორგი დადიანი და დედოფალი ელენე და ძენი მათნი. უწყება ჯერ არს რომე ელენე დედოფალმა შევამკვე ხატი ესე. ჯვარი ქრისტესი ძლევაი მტერთაი. სავარაუდოდ ხატი ზუგდიდის წმინდა გიორგის ეკლესიას ელენე დედოფალმა შეწირა, წარწერის შინაარსის მიხედვით კი ვერ ვიგებთ რომელ გიორგი დადიანზე საუბარი.
I ფოტო – წმინდა გიორგის მძლეველის ხატის მოჭედილობა (წინა მხარე) გამოყენებულია ვერცხლი, აქატი, ძოწი, მარგალიტი, ხე, ტყავი, ჭედურობა, გრავირება, მოოქროვება.
II ფოტო – წმინდა გიორგის მძლეველი ხატის მოჭედილობა (უკანა მხარე)
წყარო – წიგნი „შუა საუკუნეების ქართული ტორევტიკა, ერმიტაჟის კოლექციაში გამოკვლევა და ატრიბუციები“; ავტორი – ალვიდა მირზოიანი