/ძველი რაჭული ტრადიციები

ძველი რაჭული ტრადიციები

Spread the love

 

 

 

მთის რაჭაში განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის. ულამაზესი სალოცავი, შხელის წმინდა გიორგი, სოფელ გლოლასთან დიდ გაშლილ მინდორზე მდებარეობს.

შხელში ხატობა ორჯერ იმართება, მაისში — „ათანგენი“ (სახალხო დღესასწაული, რომელიც იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წმინდანად შერაცხული მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ათენოგენეს პატივსაცემად. იგი ქ. სებასტიაში მის ათ მოწფესთან ერთად აწამეს 311 წელს) , წარმართული, თემური ხასიათის, ხოლო მეორე — გიორგობა, 10 ნოემბერს.

„ათანგენობას“ გლოლელები თავს იყრიან განატეხით(კვერებით), ღვინით და საკლავით. თემის უხუცესი წმინდა გიორგის შესთხოვდა თემის გაძლიერებას და წარმატებას. მომლოცველები, სხვადასხვა რიტუალებთან ერთად, იმ დღეს ასრულებდნენ, თუ რაიმე ჰქონდათ შეთქმული. გიორგობას მოდიან სხვადასხვა სოფლის მკვიდრნი, სნეულები წმ გიორგის შესთხოვენ განკურნებას.

სალოცავთან ქალებს არ უშვებენ, არც ცხენოსანს აქვს იქ გავლის უფლება.

მრავალ საინტერესო რიტუალთაგან ერთ-ერთია „შიოობა“.

ოჯახის დოვლათიანობას მთის რაჭველები ევედრებიან წმინდა შიოს. ყველიერის ხუთშაბათს ოჯახის უხუცესი აიღებს ორ კვერცხს, ორ კვერს და ლოცვით ევედრება წმინდა შიოს, ოჯახში ბარაქა დაატრიალოს. ლოცვის შემდეგ კვერცხებს არმანში შედებენ, ვარცლზე კი ღვინით სავსე ჭიქას დგამენ. სწამთ, როცა შიო გამოივლის, მისი მათრახის კუდი ღვინოში ჩაეწობა და ოჯახშიც დოვლათი დატრიალდება. თუ ღვინო არ დახვდება, ეს ცუდის მომასწავებელია ოჯახისათვის.

ყველიერის წინა შაბათს მთის რაჭაში „ბოსლობას“ მართავდნენ. ეს დღესასწაული პირუტყვის მოსამრავლებლად და მათი ფათერაკებისაგან დასაცავად იმართებოდა.

გადმოცემის მიხედვით, ბოსლობა რაჭაში ყველიერის წინა შაბათს აღინიშნებოდა. მას მეტად მკაცრად იცავდა რაჭველი გლეხი. ბოსლობამდე ერთი კვირით ადრე იწყებოდა უქმობა. მამაკაცებს ეკრძალებოდათ ნაჯახის, წალდის, ჩაქუჩის და სხვათა ხმარება, ხოლო ქალებს მატყლის ჩეჩვა, რთვა, ქსოვა.

იკრძალებოდა ჭრა- კერვა – მღრღნელებს მოსავალი რომ არ დაეჭრათ. არც ნემსის ხმარება შეიძლებოდა- საქონელს თვალები აეკერებაო. ზოგ სოფელში თმასაც კი არ ივარცხნიდნენ, ნათესი რომ არ გამეჩხერებულიყო.

ბოსლობის დღეს , ვახშმამდე მარხულობდა მთელი ოჯახი, რათა მათი რწმენით საქონელი ნადირისაგან დაეცვათ. ბოსლობა ძირითადად მსხვილფეხა საქონლის გამრავლებისა და კეთილდღეობისათვის იყო.

ქვემო რაჭაში ბოსლობის წინა დღეს, ე.ი ყველიერის წინა პარასკევს,  „ღორების პარასკევს“ – „კაი პარასკევს“ ეძახდნენ.

ბოსლობას საღამოს ცხვებოდა საბოსლო განატეხი, „შეკეცილი“, „ლობუანი“, „ბაჭული“.( ოჯახში რამდენი წევრიც იყო იმდენ „ბაჭულს“ აცხობდნენ).

მთის რაჭაში ადრე გავრცელებული იყო აკვანში დაწინდვა (დანიშვნა).

სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი – ვაჟი და ოჯახები კეთილგანწყობილნი იყვნენ ერთმანეთისადმი, 40 დღის შემდეგ, შეხვდებოდნენ წყაროზე ოჯახები, და შესთავაზებდნენ მძახლობას. ამის შემდეგ ხელს აძლევდნენ ერთმანეთს. პირობის დადებას მალე ნიშნობაც მოჰყვებოდა. გოგოს ოჯახი ძღვენით მიდიოდა ბიჭის ოჯახში. სადედამთილოს ნიშნად მოჰქონდა შემდეგი – თვლიანი ბეჭედი, ვერცხლის ღილი და თავშალი “ბურსეულად” წოდებული.  ამ სამკაულს სადედამთილო სარძლოს აკვანზე ჩამოჰკიდებდა და მოყვრებიც ერთმანეთს ასე ულოცავდნენ: “ჩემო მძახალო, ჩემი და შენი გამონარჩევი  ბედნიერად ინებოს ღმერთმაო!” ამას მოჰყვებოდა სადილი და დღეგრძელობა.

ამ   ” ხელდების ”  შემდეგ პირობის დარღვევა შეუძლებელი იყო. პირობის დარღვევას მოჰყვებოდა შფოთი,  შურისძიება და სისხლისღვრა. როდესაც აკვანში დანიშნული ვაჟი 15_ის  და ქალი 13 წლის გახდებოდა, შეუღლდებოდნენ.

მთის რაჭაში ორსული ქალი ყოველგვარ უსიამოვნებას გაურბის, მას განსაკუთრებით წყევლის ეშინია.

ფეხმძიმე ქალი ზოგიერთ საჭმელს არ ჭამს და პირუტყვის დაკვლასაც არ ესწრება. მელოგინეს მიწაზე დაგებულ ჩალაზე ან თივაზე აწვენენ.

მას ბებიაქალი უვლის, რომელიც იმავე დროს სხვადასხვა ჯადოქრობით და შელოცვებით ცდილობს მშობიარობის შემსუბუქებას. მელოგინეს ბალიშის ქვეშ ხანჯალს ამოუდებენ, რომ დაიფაროს ავსულისგან. ქმარი მას ჩოხის კალთით მოტანილ წყალს დაალევინებს. შემდეგ სახვნელს (სახნისს) სამჯერ დაშლის და ააწყობს, დასასრულ სახლში შემოდის და მშობიარეს გადაალაჯებს. თუ მშობიარობა რთულდება, მას „დათვის კოდას“ ასმევენ (ამ ბალახის დანაყილ შავ მარცვლებს წყალში ხსნიან), ეძახიან, ვისაც გველ-ბაყაყი გაუშორებია და დახმარებას სთხოვენ. ის მიდის წისქვილში, წყალს გადაუგდებს და იტყვის: „წისქვილს წყალი გადამიგდია, გველ-ბაყაყი გამიყრია, დედა-შვილი გამიკრიაო“ (სამჯერ) და გამობრუნებისას მელოგინესთან შეივლის.


Spread the love