/ტრადიციული ქორწილი რაჭაში

ტრადიციული ქორწილი რაჭაში

Spread the love

 

მთის რაჭაში ადრე გავრცელებული იყო აკვანში დაწინდვა (დანიშვნა), გვაუწყებს სერგი მაკალათია

სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი – ვაჟი და ოჯახები კეთილგანწყობილნი იყვნენ ერთმანეთისადმი, 40 დღის შემდეგ, შეხვდებოდნენ წყაროზე ოჯახები, და შესთავაზებდნენ მძახლობას. ამის შემდეგ ხელს აძლევდნენ ერთმანეთს. პირობის დადებას მალე ნიშნობაც მოჰყვებოდა. გოგოს ოჯახი ძღვენით მიდიოდა ბიჭის ოჯახში. სადედამთილოს ნიშნად მოჰქონდა შემდეგი – თვლიანი ბეჭედი, ვერცხლის ღილი და თავშალი “ბურსეულად” წოდებული.  ამ სამკაულს სადედამთილო სარძლოს აკვანზე ჩამოჰკიდებდა და მოყვრებიც ერთმანეთს ასე ულოცავდნენ: “ჩემო მძახალო, ჩემი და შენი გამონარჩევი  ბედნიერად ინებოს ღმერთმაო!” ამას მოჰყვებოდა სადილი და დღეგრძელობა.

ამ   ” ხელდების ”  შემდეგ პირობის დარღვევა შეუძლებელი იყო. პირობის დარღვევას მოჰყვებოდა შფოთი,  შურისძიება და სისხლისღვრა. როდესაც აკვანში დანიშნული ვაჟი 15_ის  და ქალი 13 წლის გახდებოდა, შეუღლდებოდნენ.

სასიძოს ოჯახი ვალდებული იყო საცოლის მშობლებისათვის  ”საძუძური” მიერთმია, რომელიც დამოკიდებული იყო ვაჟის შეძლებაზე.

თუ დანიშნულის საქმრო მოკვდებოდა, მაშინ მისი შერთვა სამაზლოს შეეძლო (მშობლების თანხმობის შემთხვევაში). მსგავსი წესები თურმე დღესაცააა შემორჩენილი მთიან აჭარაში, ხოლო რაჭაში კი აღარ ვხვდებით.

ჯვრისწერა იმართებოდა ქალის სოფელში, სადაც სასიძო თავის მაყრიონით მიემგზავრებოდა. აქ მათ მიულოცავდნენ გვირგვინობას და აჩუქებდნენ ნივთებს და ფულს.

ნეფე-პატარძალს კარებში დედამთილი დახვდებოდა ხელში ბაჭულითა და შაქრით, ულოცავდა მათ ბედობას და შაქარს შეაჭმევდა (ეს ტრადიცია დღესაც არსებობს რაჭაში). ზოგან ნეფე – პატარძალს ოჯახში შესვლისას კერის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ, პატარძალს მუხლზე ბავშვს  დაუსვამდნენ, რომელსაც პატარძალი ტკბილეულით და ფულით ასაჩუქრებდა.

სახელების ნაცვლად, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეძახდნენ: ქმარი ცოლს ” შენ ბოშო ქალო”,  ქალი ქმარს:  ” კაცო, შენ ” და სხვა (ასეთ მიმართვებს დღესაც ვხვდებით რაჭის სოფლებში).

წყარო : იზო ჯოხაძე  ” რაჭული ტრადიციები”

 


Spread the love