/მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს

Spread the love

 

საქართველოში წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ.6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი – ბორბალზე წამების დღეს.

წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესიების უმეტესობა. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. დიდმოწამე გამოსახულია აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბზე.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე-4 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და თანდათან მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა.

გადმოცემის თანახმად, საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი ყოფილა და ქართველებს მისგან შეუტყვიათ წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ.

საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

წმინდა გიორგი იყო გამოსახული საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე.

გადმოცემის თანახმად, დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული.

ბრძოლის დროს დროშა რუსთავის ეპისკოპოსს ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზეც იყო ამოტვიფრული.

როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას ძველად

რაჭაში გაზაფხულის გიორგობა უქმე იყო. დილით ადრე ოჯახში ყველიან ან ქონიან რიტუალურ პურს, განატეხს აცხობდნენ, ორ სანთელს ჩამოქნიდნენ. კაცი იღებდა განატეხს, ერთ ბოთლ ღვინის ზედაშეს, სანთელს და ეკლესიაში მიდიოდა. წმ. გიორგის მშვიდობიან და მოსავლიან წელიწადს სთხოვდნენ. სანთლებს ეკლესიაში ანთებდნენ, განატეხს ეზოში ჭამდნენ და ღვინოსაც აყოლებდნენ. ამ წესის შესრულება ყველა ოჯახს ევალებოდა. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ისიც მიდიოდა, ვისაც ავადმყოფობის გამო ამ წმინდანისთვის შესაწირი ჰქონდა შეთქმული.

ფოტო: Vano Mazmishvili

შემოდგომის გიორგობას მხოლოდ ხვნა და თესვა იკრძალებოდა. ქალებს ეკრძალებოდათ ქსოვა, თუმცა შეეძლოთ კერვა, რეცხვა და სხვა საქმე. ნოემბრის გიორგობას მლოცველი ღამისთევით მიდიოდა ეკლესიაში. უნდა ითქვას, რომ რაჭაში მთელ დასავლეთ საქართველოში ყველაზე სახელგანთქმული სალოცავი – მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს. აქ სასწაულმოქმედი ოქროს ჯვარი ყოფილა დაცული, რომლისთვისაც, გადმოცემის მიხედვით, შაჰ აბას I-ს ხმალი შეუწირავს. ამ ეკლესიაში შესაწირად მიჰყავდათ ძირითადად ხარი ან მოზვერი, მოგვიანებით კი – ცხვარი.

ფოტო: Vano Mazmishvili

ლეჩხუმში გაზაფხულის გიორგობა დიდი უქმე იყო. სადილისათვის ყველა ოჯახი ყველიან ან მარილიან რიტუალურ საგიორგობო ტაბლას აცხობდა. როდესაც დიასახლისი ყველაფერს მოამზადებდა, სუფრასთან დაჯდომამდე ერთი ხელით ტაბლას იღებდა, მეორეთი – ღვინიან ჭიქას, ნაკვერჩხალზე სანთელს აკმევდა, კერიასთან ცალ მუხლზე დაიჩოქებდა და დაილოცებოდა. ღვინო დიასახლისს თავად უნდა დაელია. ტაბლის ჭამა ყველას შეეძლო. ამ წესის შესრულების შემდეგ ოჯახის წევრები სადილად სხდებოდნენ.
შემოდგომის გიორგობასაც უქმობდნენ. ამ დღეს არ შეიძლებოდა მიწის დამუშავება და კერვა, სხვა წვრილმანი საქმის კეთება არ იკრძალებოდა.

სვანეთშიც „ლიგერგი“, ანუ გიორგობა ორჯერ, 23 ნოემბერსა და 6 მაისს აღინიშნებოდა, ისევე, როგორც მთელ საქართველოში. გიორგობის ჩატარების პასუხისმგებლობას ყოველ წელიწადს მორიგეობით ერთი ოჯახი იღებდა თავის თავზე. ამ დღისთვის არჩევდნენ საკლავს, ხდიდნენ არაყს. გიორგობა დღეს სოფლის ყველა მცხოვრები მიემართებოდა მასპინძელ ოჯახში, სადაც უხუცესები სეფისკვერებით ლოცვას აღავლენდნენ, მოგვიანებით იშლებოდა საერთო სუფრა და იწყებოდა მოლხენა.

განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება გიორგობა იმერეთში, გოგნის წმინდა გიორგის უძველეს სალოცავში, რომელსაც «კარუგდებელის» სახელით მოიხსენიებენ. გადმოცემის თანახმად, სოფლის მაცხოვრებლებს სამლოცველოს კარი მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. ერთხელ დაუდარაჯდნენ და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა. სწორედ ამიტომ ხალხმა მას გოგნის «კარუგდებელი» უწოდა. სამლოცველოს და წმინდა გიორგის ხატს უამრავი სასწაული უკავშირდება. მომლოცველები ყოველი წლის გიორგობის წინა ღამეს იწყებენ სალოცავზე ასვლას, რომ იზეიმონ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. მთელი დღის განმავლობაში აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის უწყვეტი ნაკადი არ წყდება. ტაძარში სალოცავად ხალხი გზიდან სამ-ოთხ კილომეტრს გადის ფეხით. მათ უმეტესობას წმინდანის სახელზე შესაწირი მიჰყავს.


Spread the love