/ლევან მეხუზლა: „რაჭის რეგიონში რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა“

ლევან მეხუზლა: „რაჭის რეგიონში რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა“

Spread the love

რაჭაში რთველი 6 ოქტომბერს დაიწყო. “რთველი 2025”-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.   

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევდნენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში სპეციალური ბლოკპოსტები მოეწყო, რათა არ მომხდარიყო ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. ამ ეტაპზე, გადამუშავებულია 3  ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია.

მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა მათმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 60 ღვინის საწარმო.

„მიმდინარე წელს რაჭაში გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის ყურძენი, რაც თითქმის 80%-ით აღემატება გასული წლის მოსავალს. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2025 წლის მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.


Spread the love