/დაგვიანებული წერილი ბებიას…

დაგვიანებული წერილი ბებიას…

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

ლექსის ავტორი   ბადრი სულაძე

ალბათ, ბალი რა ხანია შემოვიდა
და თუთის ხეს შაშვები არ ასვენებენ…
მოგონება ჭიასავით შემომიჩნდა,
ჩიტები კი შენს წერილებს მახსენებენ…

 

მე ამ წერილს ჩიტს ვატანო, ასე მწერდი,
გიჯერებდი, მაგრამ მაინც სანახევროდ,
უკვე ისე გაიზარდნენ თეთრი ბლები,
ჩამოდი და ყველას ერთად განახებო…

 

ყანის ბოლოს, გახსოვს, კვახსაც რო ვთესავდი?..
ჩიტებისგან აღარ მქონდა მოსვენება…
საფრთხობელა ახლაც იქ დგას ბოთესავით,
ვერ გაიგებ, ჭინკაა, თუ მოჩვენება…

 

ღორიც ისევ ღობე-ღობე დასუნსულობს
და კვლავ ეძებს, იქნებ, სადმე ცხვირი შეყოს…
შავმსხალამ კი დიდთოვლობას ვერ გაუძლო,
არა უშავს, რაც მოისხა, ისიც ეყოს…

 

გვირილებით კვლავ აივსო ჩვენი ეზო,
მახსოვს მისგან, თითქოს მზისგან, გვირგვინს წნავდი…
უი, შენ კი გენაცვალოს შენი ბებო,
შენს ნატვრაში სული მიმდის და მთლად წავხდი,

 

მაგრამ გულს რო სიყვარული მოედება,
გაიზრდები და ტკივილსაც მიმიხვდები…
…ვინ ჩამოთვლის, თუ რამდენი მოფერება
მიმიღია ბებიასგან ჩიტის ფრთებით…

ფოტო – სოფელ სადმელში მცხოვრები ბებოები, ვერა და ნათელა ჯანელიძეები.