/ღების საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

ღების საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც ევროსაბჭოს კონკურსში გაიმარჯვა

Spread the love

ღების საჯარო სკოლის მოსწავლემ ბერდია ალხიძემ ესეების კონკურსში- „მე ვირჩევ თანასწორობას“ პირველი ადგილი დაიკავა.

ბერდია ალხიძე თავის მასწავლებელთან რეზო ბარბაქაძესთან ერთად საფრანგეთში, სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ესეების კონკურსი ეხებოდა საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნების და თანასწორობის კამპანიას და ამ საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას.

ბერდია ალხიძე – ,,ერთი კვირა ვქმნიდი ესეეს, ჯერ მონახაზი მქონდა, თუ როგორი იქნებოდა დაახლოებით, გონებაში ვალაგებდი.  თანასწორობის შესახებ ვწერდი და ალბათ ამიტომაც პირველი შოთა რუსთაველი გამახსენდა, შემდეგ  კი უბრალოდ მივყევი წერას.  ესეში სხვა და სხვა ნაწარმოებიდან ციტირება, ბევრი რამ სკოლაში მაქვს ნასწავლი, თუმცა კლასგარეშე ლიტერატურის ცოდნა ძალიან დამეხმარა ამ თემის წერის დროს. გამარჯვების შესახებ გუშინ გავიგე, ონლაინ ჩართვა მქონდა   ევროსაბჭოს  წარმომადგენლებთან, მათი თქმით თუ ყველაფერი კარგად წავიდა სექტემბერში წავალ სტრასბურგში, ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცი.”

რეზო ბარბაქაძე,  ღების საჯარო სკოლის   გეოგრაფიას პედაგოგი: ,,მეორე წელია აქტიურად ვარ ჩართული ჩემს მოსწავლეებთან ერთად  კონკურსებში რომლის შესახებაც ინფორმაციას განათლების სამინისტრო გვაწვდის. ვცდილობ მათ გაუწიო მეთოდური დახმარება,  ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ  ესეების კონკურსში – „მე ვირჩევ თანასწორობას“  გამარჯვებული შარშანაც ჩვენი სკოლიდან იყო. მიუხედავად იმისა მცირე კონტიგენტიანი სკოლაა ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის, აქტიურად არიან  ჩართული მსგავს კონკურსებში.”

გთავაზობთ გამარჯვებულ ესეეს

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.“

შოთა რუსთაველი

…და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ

მე ობამა ვარ. გაგეღიმათ? არ მიკვირს. ეს სახელი ჩემი მუქი ფერის კანის გამო შემარქვეს და ყველა სიყვარულით მეძახის. მე არ მწყინს. ან საწყენი რა არის? ბოლოს და ბოლოს, ამერიკის 44-ე პრეზიდენტის გვარს ვატარებ და ეს სასიამოვნოა. იმედია, ეს არც ბატონ ექსპრეზიდენტს ეწყინება. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული და გამორჩეული ვარ. სასიამოვნოსთან ერთად, ეს საინტერესოცაა, რადგანაც, ვრწმუნდები, რომ ჩემი სოფლის მრავალფეროვნებაში ჩემი წვლილი შემაქვს.

აბა, წარმოიდგინეთ, ჩემი სოფლის სტადიონზე საფეხბურთო შეჯიბრის დროს ასეთ შეძახილს რომ გაიგონებთ: „ობამა-პასი!“ დარწმუნებული ვარ აღფრთოვანდებით და მე მიგულშემატკივრებთ. ეს ხომ ჩემთვის დიდი სტიმული იქნება?

მე ეთნიკურად მრავალფეროვან კუთხეში არ ვცხოვრობ. აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია. ამიტომ, ჩვენგან განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა კი, საინტერესო იქნებოდა. ამ დანაკლისს როგორღაც წიგნებიდან და ფილმებიდან ვივსებ. ბევრ კარგ და სასიამოვნო ამბავს გავეცანი. ბევრი მათგანი ღრმად ჩაიბეჭდა გონებაში და ჩემთვის მისაბაძი მაგალითი გახდა.

რამდენიმე კვირის წინ, ტელევიზორში ფილმი ვნახე – „ამბავი სურამის ციხისა.“ გაოცებული ვუყურებდი ამ ფილმში გადმოცემულ მრავალფეროვნებას, თავად საინტერესო შინაარსზე რომ აღარაფერი ვთქვა. ფერებმა საოცრად მომხიბლა. მსგავსი ფერები, სიუჟეტთან მათი შეხამება არც ერთ სხვა ფილმში არ მინახავს. ნახეთ ეს ფილმი, საოცარი ფერების ფილმია.

ფილმის დასაწყისში, ტიტრებში გვარი ამოვიკითხე – რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. გავოცდი, დავინტერესდი და ამ დიდებული ადამიანის შესახებ ამბების მოძიება დავიწყე. ვიკიპედიის პირველივე აბზაცში ეს ამოვიკითხე: „დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს“. მადლობა, ბატონო სერგო, რომ დიდი საუნჯე დაგვიტოვე.

მართლა, სომხებზე გამახსენდა, აქ, სოფელში ერთი პატარა გოგო დადის პირველ კლასში. ის სომეხია. არ ვიცი, მას აქ რა ნათესაური კავშირები აქვს, ან ამ მთის სოფელში რამ მოიყვანა, მაგრამ ისეთი საყვარელია… თავისი პატარა, ვარდისფერი ჩანთით სკოლისაკენ მიმავალ აღმართს რომ შეუდგება ხოლმე, მისი დანახვა ერთ რამედ ღირს. მიწას ძლივს ამჩნევია. კიდევ კარგი, თოვლზე სილუეტი იკვეთება, თორემ შეიძლება ვერც შეამჩნიო… ხანდახან დეიდას მოყავს. მთელი სკოლა თავს ევლება.

ამის შემდეგ დავფიქრდი, ნეტავ როგორ ცხოვრობენ, აზროვნებენ, ურთიერთობენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები, რუსები, ბერძნები, ებრაელები, ქისტები, ქურთები, ბოშები და ყველა ის ეროვნება, ვინც ჩვენთან ცხოვრობს, ვისი სამშობლოც საქართველოა? ისტორიის სახელმძღვანელოშიც ხომ ხშირად ვკითხულობ საქართველოს მულტიკულტურული მრავალფეროვნების შესახებ? ეს ხომ ის ხალხია, ვინც თავისი სამშობლო, საქართველო საოცარი ფერებით მორთო და გაამდიდრა? თუმცა საწინააღმდეგოც ბევრი მესმის, ხანდახან ვიბნევი კიდევაც, როცა საუბრობენ საქართველოს ასიმილაციის საშიშროების, კარჩაკეტილი ცხოვრების აუცილებლობის შესახებ, განსხვავებულის პრინციპულ მიუღებლობაზე. არადა, კრწანისის ბრძოლაში, აღა-მაჰმად ხანმა რომ განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა ერეკლეს 200 ერთგული მეომარი, აზერბაიჯანელი მუსულმანი არ იყო? ასპინძის ბრძოლაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი ავტორებიც, მტკვარზე ხიდის გადამხერხავნი, აზერბაიჯანელები – ხუდია ბორჩალოელი და აღაბაბა ერისთავი ყოფილან. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი, მუსულმანი ქალი, 34 წლის ფარი ხანუმ სოფიევაც აზერბაიჯანელი ყოფილა, რასაც, იმდროინდელი პარლამენტარიზმის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. საიათნოვა? ქართული კულტურის დიდი მუხამბაზი. რა წაგვართვეს მათ ჩვენ? ისევ ჩვენთვის და ჩვენი ერთგულებით არ დაიხოცნენ? შუშანიკი ხომ სომეხი იყო? რაჟდენ პირველმოწამე – სპარსი, აბო ტფილელი კი – არაბი. ინტერნეტში, შემთხვევით, ოსი პოეტის, გიორგი კოზაევის ლექსი მოვისმინე საქართველოზე:

მე სურვილი მაქვს, ეს ლექსები ქართულად ვწერო,

და უსასრულოდ, კვლავ თბილისი მსურს ვადღეგრძელო,

მივეალერსო, გულში ჩავიკრა ეს მთა და მდელო,

მინდა ვიყვირო, თუ როგორ მიყვარს მე საქართველო.“

რამხელა სიყვარული, გულწრფელობა და ერთგულებაა მასში. ნუთუ ეს კაცი ყველა ჩვენგანის სიმდიდრე არაა? ნუღა მომიყვებით ომზე, იმაზე, თუ რა ცუდი და დაუნდობელია მოწინააღმდეგე! ასეთი დიდებული ადამიანები მაჩვენეთ!

ვაჟაც ხომ ამას მოგვიწოდებდა, მისთვის მთავარი ხომ სინდისი და პატიოსნება იყო?

ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ,

მარტოდ ჩვენ გვზრდიან დედანი,

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მიელით ქშენანი.

ამის თქმით ვწარამარაობთ,

ხთიშვილთ უკეთეს იციან…

ყველანი მართალს ამბობენ

განა, ვინაცა ჰფიციან ?!”

სინდისს და პატიოსნებას ხომ არც ეროვნება აქვს და არც რელიგია?

„კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო“. მუხედავად იმისა, რომ ისტორიულად იუდეველები და სამარიტელები ერთმანეთს მტრობდნენ, სახარებისეული იგავი – „კეთილი სამარიელი“ – ხომ სწორედ ამას ასწავლის კაცობრიობას?

„ერთ კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ვიღაცა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა. მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე, და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო. რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი იუდეველის მოყვასი?“ მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“

ლოცვაზე გამახსენდა, ჩვენს რაიონულ ცენტრში, ქალაქ ონში ებრაელების ლამაზი სინაგოგა დგას, თლილი, ყვითელი ქვებით მწყობრად ნაგები. გუმბათს მრავალქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს. დიდი ხანია, აქ ებრაული ტრადიციით აღარ სწირავენ და უგალობენ უფალს. მგონი ყველა წავიდა ისრაელში და ვინღა ილოცებს? გული მწყდება, რომ გაუფერულდა ცხოვრება. მრავალფეროვნების მაგალითს და აუცილებლობას ხომ თავად ბუნება გვაძლევს: მზე რომ არ იყოს, სითბო და სინათლე არ გვექნება, სითბო თუ არ იქნება, წყალი არ აორთქლდება, წყალი თუ არ აორთქლდა, წვიმა არ მოვა, წვიმა თუ არ მოვა, ნიადაგი არ მოირწყვება, ნიადაგი თუ არ მოირწყვება, მცენარეები და ტყე არ გაიზრდება, ტყის გარეშე კი ამდენ საოცარ ნადირ-ფრინველს რა ეშველებოდა? როგორი განსხვავებული და ერთმანეთის სიცოცხლისა და სილამაზისთვის აუცილებელია ეს ყველაფერი.

არსენა მარაბდელის არ იყოს, საკუთარ ხელზე თითებიც კი არ არისო მსგავსი. ჩვენ რომ ყველანი ერთმანეთს ვგავდეთ, რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება. საოცარი ის არის, რომ მთელი ეს განსხვავებულობა ერთმანეთის მიმართ თანასწორია. ამ მრავალფეროვნებას ერთიც რომ გამოაკლო, ყველაფერი რთულდება, უფერულდება და ზიანდება. მხოლოდ ერთი ფერი რომ ყოფილიყო, დახატავდა ფიროსმანი თავის „მეეზოვეს“ ან „აქტრისა მარგარიტას“? ყველა ბგერის ჟღერადობა რომ ერთნაირი ყოფილიყო, შექმნიდა ფალიაშვილი „დაისს“? ან ყანჩელი „ყვითელ ფოთლებს“? ყველა ასოს მოხაზულობა რომ მსგავსი ყოფილიყო, დაწერდა გალაკტიონი „თოვლს“ ან „მთაწმინდის მთვარეს“? ყველა მათგანი ხომ განსხვავებულია, მაგრამ, ყველა თანასწორი, საჭირო და აუცილებელი მშვენიერების შესაქმნელად.

ასე ვართ ადამიანებიც – ჩვენი სხვადასხვა ნიშან-თვისების ერთობლიობით ვქმნით იდეებს, კულტურას, ლამაზ ფერებს, საამურ ბგერებს, საინტერესო ფორმებს. ამ მრავალფეროვნებაში, ამ თანასწორობაში იზრდება უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. როცა ადამიანი ბედნიერია, ის სასწაულებს ახდენს. როდის ვართ ბედნიერი? მაშინ, როცა ჩვენ ჩვენი არჩევანი გვაქვს – მას თავისუფლება და თანასწორობა ჰქვია. თავისუფლება ღირსებაა, თანასწორობა – ძლიერება, ძალა. ჩვენი სამშობლოს ძლიერება ჩვენს მრავალფეროვნებაშია….

ძალა ერთობაშია!“

„რამეთუ მახარე, მე, უფალო, დაბადებულითა

შენითა და ქმნულთა ხელთა შენთაითა ვიხარებდე…

აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე

თვისთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა

მიმწუხრამდე. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი,უფალო,

და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.

აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.“

ფსალმუნი დავითისი. კანონი XIII. ფსალმუნი 94-ე და 103-ე.


Spread the love