/სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

Spread the love

შსს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული ჯარიმა მკაცრდება – მძღოლი მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბების შემთხვევაში 150 ლარის ნაცვლად 300 ლარით დაჯარიმდება. 

ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, იზრდება ჯარიმა, თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა – ამ შემთხვევაში, მძღოლი 300 ლარის ნაცვლად 400 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

ასევე, ცვლილებებით, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, 300 ლარის ნაცვლად. 


Spread the love