/ევროპის ქალაქები უნიკალურია – ჯანმოს ახალი ანგარიში ცხადყოფს, რომ ისინი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღები იყვნენ

ევროპის ქალაქები უნიკალურია – ჯანმოს ახალი ანგარიში ცხადყოფს, რომ ისინი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღები იყვნენ

Spread the love

ჯანმოს ევროპის რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლები მეგა ქალაქია. ჩვენი რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს შედარებით მცირე ზომის ქალაქებში, სადაც ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ეს ევროპას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გახადოს ქალაქის ცხოვრება უფრო ჯანსაღი, ნათქვამია ახალ მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის მიერ, Gehl-ის დიზაინის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

ანგარიში „ურბანული დიზაინი ჯანმრთელობისთვის: ინსპირაცია ურბანული დიზაინის გამოსაყენებლად ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისათვის ჯანმოს ევროპის რეგიონში“ გამოქვეყნდა 2022 წლის 31 აგვისტოს, HEPA (ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფიზიკური აქტივობა) მე-11 კონფერენციის გახსნის სესიაზე, ნიცაში, საფრანგეთი.

ჯანსაღი არჩევანი ყველაზე ადვილი არჩევანი უნდა იყოს

შედარებით მცირე ზომის ქალაქებმა მეტად უნდა გამოიყენონ ურბანული დიზაინის ინსტრუმენტები და ჯანდაცვის ინტერვენციები მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ახალი ანგარიში განიხილავს ინოვაციურ და ეფექტურ გზებს ურბანულ გარემოში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის.

არსებობს ძლიერი კავშირი ურბანულ გარემოსა და არაგადამდებ დაავადებებს შორის, რომლებიც სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობის ძირითადი მიზეზია მთელს მსოფლიოში.

ჯანსაღი საკვებსა და აქტიური ცხოვრების წესზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მთელს მსოფლიოში.

იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ასწავლონ ადამიანებს საკვების „სწორი“ არჩევანისა და ფიზიკური აქტივობის უპირატესობების შესახებ, ქალაქებს შეუძლიათ განახორციელონ სტრატეგიები, რათა ეს არჩევანი ყველაზე ადვილი გახადონ, გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში.

ინსტრუმენტები უფრო ჯანსაღი ქალაქებისთვის

„თუ ჩვენ გვსურს ურბანული გარემოს გაუმჯობესება, რათა დავეხმაროთ ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის მოსახლეობის საჭიროებები. ეს ჩვენ მოგვცემს მეტ ცოდნას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჯანსაღი ჩვევების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – თქვა დოქტორმა კრემლინ ვიკრამასინჰემ, ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა.

„მონაცემების შეგროვება და ადგილობრივ თემთან კავშირების დამყარება აუცილებელია ჯანსაღი ურბანული დაგეგმვისთვის“.

ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზანს სხვადასხვა გზით:

  • მონაცემების შეგროვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ქალაქში.
  • ადგილობრივი კვების ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს საკვების უსაფრთხოება.
  • ჯანსაღი პოლიტიკის ეკონომიკური სარგებლის შეფასება.
  • ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მოქალაქეების პროცესში ჩასართავად
  • მონაცემების ანალიზი ჯანსაღი ურბანული დაგეგმარების მიზნით.

მაგალითები რეალური ცხოვრებიდან

ბევრმა ქალაქმა უკვე გადადგა ნაბიჯები ურბანული ტრანსპორტის, მობილობისა და ქალაქების მწვანე სივრცეებთან წვდომის გაუმჯობესებისკენ. ანგარიშში მოცემულია პოზიტიური განვითარების ზოგიერთი მაგალითი.

კორკი, ირლანდია

კორკი სათამაშო ელემენტებს ნერგავს ქუჩის არქიტექტურაში ათი ახალი მცირე ზომის მოედნის მოწყობის გზით, რომელიც ითვალისწინებს გასართობ მოწყობილობებსა და დასაჯდომ ადგილებს.

ლისაბონი, პორტუგალია

ქალაქი ხელს უწყობს ჯანსაღი კვების განვითარებას ადგილობრივი პროდუქტების ქალაქის საჯარო სივრცეების ცენტრში განთავსებით, ხოლო ბავშვებს ასწავლის ბოსტნეულის მოყვანასა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობას.

ჩერეპოვეცი, რუსეთის ფედერაცია

წყალთან მისასვლელად სპეციალური მარშრუტების უზრუნველყოფა როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. ქალაქის ცენტრში ლურჯი და მწვანე სივრცეების შეერთებით, ეს ინტერვენცია მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას ყველა ასაკისა და ჯგუფის ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.

თბილისი, საქართველო

ქალაქი ახდენს თავის ქუჩების მოდერნიზებას, რათა ისინი ფეხით მოსიარულეებზე იყოს მორგებული. ქუჩის ახალი დიზაინი გამიზნულია თბილისის მთავარი გამოწვევების მოსაგვარებლად: ჰაერის ხარისხი, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ანგარიშში მოყვანილი ინსტრუმენტები და მაგალითები ხაზს უსვამს იმ ტიპის ქმედებებს, რომლებიც პოლიტიკის შემქმნელებსა და ქალაქმგეგმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ შთაგონებისთვის, რათა გადაიაზრონ არსებული ქალაქგეგმარება და გააუმჯობესონ თავიანთი ქალაქები.


Spread the love