საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ. ინფორმაციას ცვლილების შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.
მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, თუმცა, ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც იღებდნენ, მათ შორის, კაცებიც.
HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით მოხდება:
- 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
- 15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
- პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
NCDC ამბობს, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს. სწორედ ამ რისკებისგან იცავს ადამიანს ვაქცინაცია.