სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო მხოლოდ 1 დეკემბრამდე იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, მოქალაქეების აქტიურობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაბალია და ამ დროისთვის მხოლოდ 95 ათასამდე დოზა არის გამოყენებული. მისივე ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს.
მისივე თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპის ვაქცინა განსაზღვრული იყო რისკ ჯგუფებისთვის სადაც შედიან სამედიცინო პერსონალი, ორსულები, დიაბეტის, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, სკოლის მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები. შემდეგ ჩამონათვალში რისკ ჯგუფების ოჯახის წევრებიც შევიყვანეთ.
,,ჩვენ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება და გრიპის ამცრელმა ყველა დაწესებულებამ იცის, რომ შეზღუდული დროის განმავლობაში, პირველ დეკემბრამდე ნებისმიერი მოქალაქე უნდა აცრან გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო ვაქცინით. შევხედავთ როგორი იქნება მოქალაქეების აქტივობა და ამის შემდეგ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“,- აღნიშნავს გამყრელიძე.