ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული კიბოს სახეობაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში. იგი ყოველდღიურად 1579 ქალს უდგინდება. ალკოჰოლის მოხმარება დაავადების ერთ–ერთი უმთავრესი და კორექტირებადი რისკ-ფაქტორია, რომელიც ძუძუს კიბოს ყოველი 100 ახალი შემთხვევიდან 7-ს იწვევს. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში ჯანმო მოუწოდებს ყველას გააცნობიეროს, რომ ძუძუს კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით.
ალკოჰოლი ძუძუს კიბოს თითქმის 40 000 ახალი შემთხვევის მიზეზია.
WHO-ს ევროპის რეგიონს ძუძუს კიბოს ახალ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სხვა რეგიონთან შედარებით. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (International Agency for Research on Cancer – IARC) შეფასებით, 2020 წელს ალკოჰოლის მოხმარება რეგიონში ძუძუს კიბოს თითქმის 40 000 ახალი შემთხვევის მიზეზი იყო.
იგივე მონაცემების მიხედვით, ძუძუს კიბო გახდა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოს სახეობა. 2020 წელს 2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან დაახლოებით 100 000 ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება.
”ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ქალებმა, არ იციან, რომ ძუძუს კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომლის მთავარი მიზეზი ალკოჰოლია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით შევამცირებთ კიბოს განვითარების რისკს. არ აქვს მნიშვნელობა ალკოჰოლის ტიპს, ხარისხს ან ღირებულებას” – ამბობს ექიმი მერილის კორბექსი, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებებათა უფროსი ტექნიკური ოფიცერი.
როგორ ავიცილოთ თავიდან ძუძუს კიბოს ალკოჰოლთან დაკავშირებული რისკები
ალკოჰოლი კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც 1-ლი ჯგუფის კანცეროგენი ადამიანებისათვის. ის მიზეზობრივად არის დაკავშირებული კიბოს 7 სახეობასთან. ძუძუს კიბოს გარდა, ის ზრდის პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, ღვიძლის, ხორხის და მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
არ არსებობს ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა. ძუძუს კიბოს რისკი იზრდება მოხმარებული ალკოჰოლის თითოეულ ერთეულთან ერთად. რეგიონში ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 10%-ზე მეტი წარმოიშვება ყოველდღიურად მხოლოდ 1 ბოთლი ლუდის (500 მლ) ან 2 პატარა ჭიქა ღვინის (თითოეული 100 მლ) მოხმარებით. ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია: რეგიონში ალკოჰოლთან დაკავშირებული ძუძუს კიბოს 4 შემთხვევიდან 1 გამოწვეულია ალჰოკოლის ამ მცირე რაოდენობით.
”მარტივად რომ ვთქვათ, ალკოჰოლი შხამია. ის ზიანს აყენებს ყველა ორგანოს,”- ამბობს ექიმი კარინა ფერერა-ბორხესი, არადაგადამდებ დაავადებათა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ალკოჰოლისა და აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების პროგრამის მენეჯერი WHO-ს ევროპის რეგიონულ ოფისში. ”ასე რომ, სავსებით ლოგიკურია ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, ალკოჰოლის სხვა სასმელებით ჩანაცვლების გზების მოძიება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს.”
რეგიონში ალკოჰოლით გამოწვეული ზიანის შემცირება
ჯანმო რეკომენდაციას უწევს პოლიტიკის ზომების ისეთი ოპტიმალური დანახარჯების განხორციელებას, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკურად მიზანშეწონილ ინსტრუმენტს ალკოჰოლის მოხმარების დონისა და ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს შემთხვევების შესამცირებლად:
- ალკოჰოლის ფასის ზრდა (მაგალითად, აქციზის გაზრდით)
- ალკოჰოლის რეკლამირების აკრძალვა ან მისი შეზღუდვა ყველა ტიპის მედია საშუალებებში.
- ალკოჰოლის ხელმისაწვდომობის შემცირება (მაგალითად, გაყიდვის საათების რეგულირებით).
ჯანმო ასევე მკაცრად ურჩევს რეგიონის ყველა ქვეყანას ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე განათავსოს გაფრთხილება მისი ჯამრთელობისთვის მავნე თვისებების შესახებ, რათა მომხმარებელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, იმის შესახებ, თუ რა მოიხმაროს.
ჯანმოს ევროპული სამუშაო პროგრამა 2020–2025 (EPW) და ინიციატივა „ერთობილივი ქმედება კიბოს წინააღმდეგ“ (Action Against Cancer) მიზნად ისახავს კიბოს აღმოფხვრას, როგორც სიცოცხლისათვის საშიში დაავადების, როგორც ევროპის რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.