/ამირან გამყრელიძე – მხარს დავუჭერ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის და მასწავლებლებისთვის

ამირან გამყრელიძე – მხარს დავუჭერ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის და მასწავლებლებისთვის

Spread the love

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის მომხრეა ექიმებისა და მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მე მხარს დავუჭერ, პირველ რიგში, რომ სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და ბავშვებმა სწავლა დაიწყონ, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევად მოხდა. მისი თქმით, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

„კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი მხოლოდ ერთი ფაქტორით არ არის გამოწვეული. სამწუხაროდ, შევამსუბუქეთ იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი და ადამიანთა ყოფა მძიმე მდგომარეობაში იყო. გეთანხმებით, რომ ნაადრევად მოხდა შემსუბუქება შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების. მეორე მხარე არის თვითონ ჩვენი ქცევა, რომ ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი და ასევე, ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, თავისი როლი აქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკა ეპიდსიტუაციაზე მაღლა დადგა.

„საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები, ჩვენ ვართ უმცირესობაში. ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით. შარშან გაზაფხულზე უფრო მეტი სოლიდარობა იყო. დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


Spread the love