რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავდაპირველად თავისუფალ სტილში მოჭიდავენი ასპარეზობენ, ხვალ ჩვენი ნაკრების მეორე ხუთეული გამართავს წინასწარი ეტაპის პაექრობებს: აქვეყნებს GMS TV-ი
61 კგ. კატეგორიაში – ომარ გაზაშვილი
74 კგ. კატეგორიაში – ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ. კატეგორიაში – დავით კოღუაშვილი
92 კგ. კატეგორიაში – ანდრო მარგიშვილი
125 კგ. კატეგორიაში – გიორგი ჩიხრაძე
61-ში დებიუტანტი გვყავს – ომარ გაზაშვილი, ვინც ევროპის მესამე პრიზიორი დავით აბდალაძე შეცვალა, უფაში კი სადებიუტო პაექრობას ბრუნეის სასულთნოს დაღესტანელ ლეგიონერ ალიბეგ ალიბეგოვთან გამართავს. ამ წყვილის გამარჯვებულს მეორე წრეში ბელარუს ივან ჰრამიკასა და 23-წლამდელებში ინდოელთა მსოფლიოს ფინალისტ რავინდერ რავინდერს შორის უძლიერესი შეხვდება.
საკვალიფიკაციოდან თავისუფალია 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ვლადიმერ გამყრელიძეც (74), მისი პირველი მეტოქე კი პოლონელი პატრიკ კოსტრჟევსკია. ამბროლაურელი ფალავანი საკმაოდ რთულ ჯგუფშია – აქვე არიან რუსი იდარ ხატანოვი, ახალგაზრდებში გერმანელთა წლევანდელი ევროპირველობის მესამე პრიზიორი სტას დავიდ ფოლფი და ტოკიოს ოლიმპიადამოვლილი აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი – ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი (თუმცა – ქვედა წონაში) და უფროსებში – ასევე წლევანდელი ევროპირველობის ფინალისტი.
დავით კოღუაშვილი (86) საკვალიფიკაციოში კი იჭიდავებს, მაგრამ მეტოქედ გვატემალელი ცესარ ანდრეს უბიცო ესტრადა ჰყავს. თუმცა ქუთაისელი ათლეტიც საკმაოდ ძნელ ჯგუფშია – რუსი ისლამ კორტოევი, ამერიკელი კოლტონ გრეგორი ჰოუკსი, ახალგაზრდებში გერმანელთა ევროპის წლევანდელი ფინალისტი ჯოშუა ფილიპ დავიდ მოროდიონი, ირანელი ამირჰოსეინ ბიგლარ ფიროუზპურბანდპეი, თუმცა ინდოელი ვეტარ აუდუმბარ შელკეც არ უნდა ამოვაგდოთ სათვალავიდან. გვატემალელის შემდეგ კოღუაშვილი ამერიკელსა და ბელარუს ილია ხამცოუს შორის მოგებულს შეხვდება.
ანდრო მარგიშვილიც (92) ევროპირველობის დებიუტანტი იყო, თუმცა ნახევრაფინალში ისიც გავიდა, მაგრამ საბოლოოდ მანაც მეხუთე ადგილზე დაასრულა ტურნირი. ამჯერად ის შეჯიბრებაში საკვალიფიკაციოდან ჩაებმება, სადაც ყირგიზ ნურბოლოტ ადილ უულუს დამარცხებას შეეცდება, ხოლო ამას თუ შეძლებს, მერე ფინელ იუჰო იოელ ეემელი რუუსილას გაეჯიბრება. მარგიშვილიც დიდ კონკურენციაშია – მხოლოდ ქვეჯგუფის ამ ნახევარში ანუ მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსი და აზერბაიჯანელი მეტოქეები ჰყავს.
გიორგი ჩიხრაძე ონი (125) საკვალიფიკაციოში ეგვიპტელ აჰმედ მაჰმუდ ელსაედ მოჰამედ ხალილს ხვდება და თუ მოუგებს, მეოთხედფინალში გავა, სადაც ახალგაზრდებში აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელ ფინალისტ აიდინ აჰმადოვსა და გეორგი ლუბომიროვ ივანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადის ამ მხარესაა ევროპირველობის ფინალში აზერბაიჯანელის მომგები სომეხი ლიოვა გევორგიანიც.