კრედო ბანკმა FINCA Microfinance Cooperatief U.A. -თან აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც იგი ფინკა ბანკი საქართველოს აქციების 100% წილის მფლობელი გახდა. ტრანზაქცია სრულიად შეესაბამება კრედო ბანკის მისიას უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისებით მომსახურება და ქმნის დიდი სინერგიის შესაძლებლობას. ამ ტრანზაქციის შედეგად, კრედო ბანკი ხდება რიგით მეექვსე ბანკი საქართველოში აქტივებისა და საკრედიტო პორტფელის მოცულობით.
“სიამოვნებით მინდა დავადასტურო გარიგების წარმატებით დასრულება. მოუთმენლად ველით ფინკა ბანკის მომხმარებლებსა და კვალიფიციურ თანამშრომლებს კრედო ბანკში, სადაც 24 წლიანი გამოცდილებით, ერთგულად განვაგრძობთ მომხმარებელზე ორიენტირებული სრული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. კრედო ბანკის ციფრული არხები შესაძლებლობას მისცემს ახალ მომხმარებლებს მიიღონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება. ამავდროულად, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს აქციონერებს და პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს გარიგებას“ – აღნიშნა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა კრედო ბანკის განაცხადი ფინკა ბანკი საქართველოს 100% წილის შეძენის თაობაზე. მიუხედავად აქციონერის ცვლილებისა, მიკრო სეგმენტზე ორიენტირებულობა და ღირებულებები არ იცვლება. კრედო ბანკს, ისევე როგორც ფინკა ბანკ საქართველოს, ჰყავს საერთაშორისო, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქციონერები და განვითარებაზე ორიენტირებულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. ბანკს ექნება ყველა საჭირო რესურსი და შესაძლებლობა უზრუნველყოს ციფრული ტექნოლოგიების მდგრადი განვითარება რათა მომხმარებლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტები და მომსახურება“, – ანდრე სიმონ, ფინკა იმპაქტ ფაინენსის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.
აღნიშნულ ტრანზაქციასა და ბანკის სამომავლო განვითარებას მხარი დაუჭირა საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა – პროპარკომ (Groupe Agence Française de Développement). ის გერმანულ Access Microfinance Holding AG-თან, ჰოლანდიურ Triodos Investment Management და შვეიცარიულ responsAbility Investments AG-თან ერთად კრედო ბანკის აქციონერთა რიგს შეუერთდა.