/საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატი პავლე ბერიᲨვილი

საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატი პავლე ბერიᲨვილი

Spread the love

 

პავლე აბრამის ძე ბერიშვილი დაიბადა 1891 წელს ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ მოედანში (ამჟამად ქალაქ ონის მოედნის უბანი), გლეხის ოჯახში; ეროვნებით ქართველი

დაამთავრა ონის სამოქალაქო სასწავლებელი (ე. წ. „მიხეილის სასწავლებელი“).

13 წლისა ბიძამ – სპირიდონ მაისურაძემ წაიყვანა საცხოვრებლად ქალაქ ბაქოში, სადაც ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა ლითონის დამუშავებასა და ხარატობასამ პერიოდიდან ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში; 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი

ბაქოში მუშაობისას დაახლოებული იყო ადგილობრივ „ბოლშევიკურ“ ორგანიზაციასთან; ცნობილი იყო, როგორც იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) სანდო თანაშემწე.პავლე ბერიშვილი ბაქოდან გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც მუშაობდა ერთ-ერთ ქარხანაში.

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც აგრძელებდა პარტიულ მუშაობას ჯარისკაცთა შორის.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მუშაობდა ამიერკავკასიის და შემდგომ საქართველოს პროფკავშირების საბჭოში.იყო ჭიათურის მაღაროს მუშათა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროში.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში წითელი არმიის წინააღმდეგ; ოკუპირების შემდეგ კი დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.პავლე ბერიშვილი საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) 1922 წელს დააპატიმრა ქალაქ ქუთაისში.საქართველოს ჩეკას პრეზიდიუმის დადგენილებით, პავლე ბერიშვილი 1923 წლის 31 იანვარს 67 პოლიტპატიმართან ერთად გადაასახლეს რსფსრ-ს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში გასანაწილებლად; სასჯელს იხდიდა ტურუხანსკში.

1926 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ 3 წლით გადაასახლეს შუა აზიაში, სადაც ჩააკითხა მეუღლემ მცირეწლოვან შვილთან ერთად. გადასახლების ადგილას მუშაობდა ბამბის საპენტ ქარხანაში და კეთილსინდისერი შრომისთვის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში; როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი, სამუშაოდ ჭიათურაში გაიგზავნა.იქ მუშაობდა ქალაქის კომუნალურ განყოფილებაში და თან ხელმძღვანელობდა არალეგალურ ორგანიზაციებს.

საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ პავლე ბერიშვილი 1929 წლის მაისში დააპატიმრა მცხეთაში, სამუშაო მივლინებისას; ამავე წელს 3 წლის ვადით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში.ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ენისეისკში; იქ კვლავ დააპატიმრეს 1933 წლის 22 თებერვალს; ამავე წლის 29 ოქტომბერს სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოს კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით წინასწარი პატიმრობის ვადა საკმარისად ჩათვალეს და გაათავისუფლეს.

პავლე ბერიშვილი საქართველოში დაბრუნდა 1935 წელს.მუშაობდა ონში, ჯეჯორის ჰესის მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ – გონაში, მოლიბდენმშენში, საამქროს ოსტატად.

1937-38 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს პავლე ბერიშვილი დააპატიმრეს 1937 წლის 1 მაისს, ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით; ძიების მასალების თანახმად, იგი ეწინააღმდეგებოდა მოლიბდენმშენში „სტახანოვური მოძრაობის“ დანერგვას, უკმაყოფილებას გამოთქვამდა სამუშაო პირობებისა და დისციპლინის მოშლის გამო; გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაოზე ყოფილი „მენშევიკები“ შემოიკრიბა და კვლავაც ძველ შეხედულებებს ინარჩუნებდა; ძიებას განუცხადა, რომ „მენშევიკი იყო და მუდამ იქნებოდა“.

საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) პავლე ბერიშვილს 1937 წლის 17 სექტემბერს დახვრეტა მიუსაჯა.დახვრიტეს 1937 წლის 31 ოქტომბრის ღამით.რეაბილიტირებულია 1989 წლის 17 ნოემბერს, კრასნოიარსკის სამხარეო პროკურატურის მიერ.

 


Spread the love