ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის 28 იანვრის სხდომაზე გაჟღერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საფუძველზე იქმნება სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და დღეს დამოუკიდებლად მოქმედი სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“გადადის აღნიშნული სამინისტროს დაქვემდებარებაში.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის მოცემულობა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მიღებულია ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებთან, ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რაც მთავარია, თავად ახალგაზრდებთან კონსულტაციების გარეშე. Ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახალგაზრდებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს შეთანხმებული შესაბამის, კომპენენტურ ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან, ახალგაზრდული სფერო უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული, დამოუკიდებელი და სტაბილური, რათა ქვეყანაში შეიქმნას ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო სრულფასოვანი და მდგრადი გარემო.
აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა არის სრულიად მოხალისეობრივი და შექმნილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, რათა რეკომენდაციები გასცეს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. Სწორედ ეს მოცემულობა განაპირობებს საბჭოს იმედგაცრუებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდობის სააგენტოსთან (და შესაბამისად ახალგაზრდობის სფეროსთან) დაკავშირებული მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საბჭომ შეიტყო მედიის საშუალებით და არანაირი კომუნიკაცია ან კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭოსთან არავის ჰქონია. Ეს ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი საქმიანობის მიზნობრიობას, რადგან ახალგაზრდულ სფეროსთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოს ჩართულობის გარეშე, რაც ჩვენთვის მიუღებელია.
ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდული მიმართულება გაერთიანებული იყო სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამინისტროებთან, რაც განაპირობებდა სფეროში მუდმივ ცვლილებებს, განვითარების შეფერხებასა და არასათანადო ყურადღებას ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე. 2019 წლის აგვისტოში კი ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამი სტრუქტურის გაერთიანებით შეიქმნა ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც დაექვემდებარა პირდაპირ პრემიერ-მინისტრს. გუშინდელი გადაწყვეტილება, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახალგაზრდობის კომპონენტის გაერთიანების შესახებ, უკვე ნაცადი ხერხია და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ განვლილი პრაქტიკის დაბრუნების შემთხვევაში, ახალგაზრდული სფერო აღმოჩნდება წლების განმავლობაში არსებულ სიტუაციაში და კვლავ
დარჩება ყურადღების მიღმა.
მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ახალგაზრდულმა სფერომ შეინარჩუნოს ავტონომიურობა, ახალგაზრდობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს, ყველა მიღებული გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება ახალგაზრდებს ამოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების რეალური საჭიროებებიდან და არ იყოს მუდმივი რესტრუქტურიზაციის საფრთხის ქვეშ, როგორც ეს ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ვითხოვთ შეხვედრას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და განმარტებას, თუ რატომ მოხდა ჩვენთან და სფეროს სხვა წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. დამატებით, მთავრობისგან მოვითხოვთ საფუძვლიან არგუმენტაციას რესტრუქტურიზაციის საჭიროებაზე და ინსტიტუციურ გარანტიებს, რომ ახალგაზრდული სფერო გახდება პრიორიტეტული და შენარჩუნდება მისი დამოუკიდებლობა.