/“ბორჯღალოსნები” ელიტარულ ტურნირზე

“ბორჯღალოსნები” ელიტარულ ტურნირზე

Spread the love

დადგა ნანატრი 14 ნოემბერიც და საქართველოს ნაკრები შემოდგომის ერთა თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ბორჯღალოსნები” რომელიმე ელიტარულ ტურნირზე მიიწვეს და შესაბამისად, პირველი დონის გუნდების წინააღმდეგ მიჯრით პირველად გამართავენ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრას.

ინგლისი

ედი ჯონსი და მისი შეგირდები შემოდგომის ერთა თასს შესანიშნავი განწყობით ხვდებიან. გასულ ტურში მათ იტალია გასვლაზე 34:5 დაამარცხეს, კონკურენტებმაც ისე ითამაშეს, როგორც მათ სურდათ და 2020 წლის 6 ერის საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვეს. ინგლისმა წელს სულ 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო და საფრანგეთის წინააღმდეგ სტუმრად 17:24 დამარცხდა.

ინგლისელთა შემადგენლობაში ორი დებიუტანტია, მათ შორის მესამეხაზელი ჯეკ ვილისი ძირითად შემადგენლობაში იქნება, რომელიც პრემიერშიპის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ხოლო მაქს მეილინზი მარქაფადან გააძლიერებს გუნდს. საერთო ჯამში ედი ჯოუნსის რაზმში იტალიასთან თამაშის შემდეგ 7 ცვლილებაა.

თავდაპირველად ედი ჯონსი საუბრობდა, რომ შესაძლებელი იყო, სასტარტო თხუთმეტეულში 9 მორკინალი დაეყენებინა, თუმცა საბოლოო ჯამში ასე არ გადაწყვიტა. მან უკანა ხაზში ერთი ექსპერიმენტი მაინც შემოგვთავაზა და შუამარბი ჯონათან ჯოზეფი ფრთაზე გაამწესა. სხვა მხრივ, “წითელი ვარდები” გამოცდილი და ნაცადი უკანა ხაზით დაგვიპირისპირდებიან, ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ელიოტ დეილი. ერთადერთი ახალი სახე ცენტრში ვუსტერელი ოლი ლაურენსი იქნება, რომელიც მეორე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

იტალიასთან მატჩთან შედარებით ინგლისელები განსხვავებული პირველი ხაზით ითამაშებენ, მაკო ვუნიპოლას ნაცვლად სასტარტო თხუთმეტეულში ელის გენჯი იქნება, ხოლო მასთან ერთად მარქაფაში კაილ სინკლერმაც გადაინაცვლა და მის ადგილას ვილ სტიუარტი იასპარეზებს. მესამე ხაზში გადაინაცვლა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მარო იტოჟემ, მეორე ხაზში კი ერთმანეთს ჯო ლონჩბრი და ჩარლი იუელსი შეუწყვილდებიან.

გუნდს ამჯერადაც მგეზავი ოუენ ფარელი უკაპიტნებს, პასებით კი მას ბენ იანგსი მოამარაგებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა ინგლისის ნაკრებში 101-ე იქნება.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა

უკანა ხაზი

15. ელიოტ დეილი, 14. ჯონათან ჯოზეფი, 13. ოლი ლაურენსი, 12. ჰენრი სლეიდი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი (კაპ), 9. ბენ იანგსი;

შერკინება

1. ელის გენჯი, 2. ჯეიმი ჯორჯი, 3. ვილ სტიუარტი, 4. ჩარლი იუელსი, 5. ჯო ლონჩბრი, 6. მარო იტოჯე, 7. ჯეკ ვილისი, 8. ბილი ვუნიპოლა;

მარქაფა

16. ტომ დანი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კაილ სინკლერი, 19. ბენ ერლი , 20. ტომ ქარი, 21. დენ რობსონი, 22. მაქს მეილინზი, 23. ჯო მარშანი;

საქართველო

23 ოქტომბერს “მარიფილდზე” შოტლანდიასთან წაგებული (7:48) ტესტ-მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში რვა ცვლილება განხორციელდა: ოთხი შერკინებაში და ოთხი უკანა ხაზში.

პირველ ხაზში ორი ცვლილება განხორციელდა: შალვა მამუკაშვილი ძირითადში იქნება, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ მარქაფაში გადაინაცვლა. “ბორჯღალოსნებს” დაუბრუნდა ბექა გიგაშვილი, რომელიც სასტარტო მარჯვენა ბურჯი იქნება, მას ლექსო ყაულაშვილი ჩაანაცვლებს. მეორე ხაზში ტრავმირებულ ნოდარ ჭეიშვილს ლაშა ჯაიანი შეცვლის, ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძე გიორგი თხილაშვილმა შეცვალა.

რაც შეეხება უკანა ხაზს, გელა აფრასიძე, რომელიც შოტლანდიასთან მატჩში შეცვლაზე ვიხილეთ, ამჯერად ძირითადში იქნება, ვასილ ლობჟანიძე კი თადარიგში. დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელმაც ფრთაზე სანდრო თოდუა შეცვალა, შუამარბის პოზიცია დემურ თაფლაძე გიორგი კვესელაძემ ჩაანაცვლა, ხოლო ფულბექის ამპლუაზე სოსო მათიაშვილს ლაშა ხმალაძე შეცვლის.

თადარიგში ერთადერთი მორაგბე, რომელსაც შოტლანდიასთან არ უთამაშია, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონიაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

უკანა ხაზი

15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო სვანიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. სანდრო თოდუა;


Spread the love