მუჯურეთული – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, ძირითადად ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.
მუჯურეთულის და ალექსანდროულის კუპაჟით მიიღება მაღალხარისხიანი და ორიგინალური ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.
ღვინო ხასიათდება ინტენსიური მუქი ლალისფერი შეფერვით, გამჭვირვალობით, სხეულით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი ჰარმონიულობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალოა ან მცირედ ოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით, ყვავილი ორსქესიანია.
მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მოგრძო კვერცხისებრი ფორმის, ბოლო განიერი, მარცვლის ყურძნისკენ შევიწროებული. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, რაც სიმწიფეში მუქ იისფერ შეფერვას აძლევს. რბილობი მკვრივია, საკმაოდ ხორციანი და წვნიანი, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.
მისი ვაზი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფეში 176-186 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 60-90 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 25-30%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-7 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
ასევე დაგაინტერესებთ; https://ambrolauriskhma.ge/350833/