სოფ.ღები ისტორიულ-წერილობით წყაროებში 1503 წლიდან მოიხსენიება, მანამდე კი საუკუნეთა მანძილზე ღები სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა და მკვლევარებიც ტოპონიმ ღების წარმომავლობას სვანურ გარემოში ეძებენ. „ ღებ“ – სვანურად ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს.
ხალხური თქმულების მიხედვით ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეზე და თავისი კოშკიც აუშენებია.
გადმოცემის თანახმად თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიადა ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გაგნიძე, რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონზე გასვლა განუზრახავს.
მას ქალი დასდევნებია და წყალში გაყვანა უთხოვია. ქალს დოდუკი რქმევია. არიშიძეს შემოუსვამს დოდუკი, მაგრამ ქალს ბატონი შუა წყალში ცხენიდან გადმოუთრევია და ორივე დაღუპულან. დოდუკის ანდერძად ჰქონია დაბარებული, არიშიძის მოკვლის შემდეგ ერთი ტაბლა (კვერი) გამოეცხოთ მისთვის. ღებელები ამ ანდერძს დღემდე ასრულებენ — ჭირისუფალი საკურთხის დამზადებისას ორ ტაბლას დოდუკის მოსახსენიებლადაც აცხობს.
ღების ხევი ცივიოლიზაციის დაახლოებით ორმოცდაათ საუკუნოვან მატიანეს ითვლის.
აქ ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი მძლავრ ადგილობრივ მეტალურგიას.
ძველი ქართული ტომი,კოლხებისპილენძს გონა-კოდნარას მიდამოებში მოიპოვებდნენ, სტიბიუმს მდ. ზოფხითურის სათავეებში,დარიშხანს მდ. ლუხუნის სათავეებში. ამის დამადასტურებელი 100 ზე მეტი მაღაროა მიკვლეული, რამდენიმე იარუსიანი ურთულესი გამონამუშვრებით.
მადნეული თუ მეტალის სხმულები ბრილის სახელოსნოებში იყრიდა თავს,სადაც საბოლოოო სახეს იღებდა უბრწყინვალესი ბრინჯაოს ნივთების სახით.ბრილური ბრინჯაოს ნაწარმი შორს,მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში გაჰქონდათ სარეალიზაციოდ.
გონა-კოდნარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, მდიდარი მასალა წინაპართა მაღალი განვითარებისა და კულტურის მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსა და ანტიკურ ხანაში ღებზე გადიოდა გზები, რომლებიც ამიერ და იმიერ კავკასიას აკავშირებდა ერთმანეთთან.
მე-16 საუკუნეში ღების ხევის სოფლები იყო: ფიცრიხულა, ბრილი, თევრეშო, შოდა, ჩვეშო. ბრილი სოფ. ღების დასავლეთით მთებზე წყალთაშუა ტერასებზეა განლაგბული, რომლის სამაროვანიც რამდენიმე კულტურული ფენისგან შედგება.
სამაროვანის უძველესი ფენა ეკუთვნის ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისს, ხოლო უახლესი, ახ.წ. III – IV საუკუნეებს.
მთა რაჭის არქიტექტურული ფორმები საოცარ მსგავსებას ავლენენ სვანურ არქიტექტურასთან. შეიძლება ითქვას, ეს არცაა მსგავსება, არამედ — იდენტურობა – გამეორება სვანური ხუროთმოძღვრებისა.
სვანური მურყვამის ტიპის სამ-ოთხსართულიანი ღებური დუროიანი სახლი ერთდროულად ითავსებდა საცხოვრებელი და საბრძოლო–თავდაცვით ფუნქციებს. დუროიანი სახლის პირველი სართული სამურნეო დანიშნულების იყო. მეორე და მესამე სართული – საცხოვრებელი, მეოთხე – შენობის დამაგვირგვინებელი სართული – ქორედი დუროებით კი, საბრძოლო ბაქანს წარმოადგენდა. გადახურვა ორფერდა სახურავიანი იყო. ქორედს 16 საბრძოლო დუროს ატანდნენ (ოთხ-ოთხი ყოველ მხარეს). დუროიანის სახლის მეოთხე სართული – ქორედი მეტად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის და საინტერესოა, როგორც არქიტექტურულად, ისე კონსტრუქციული თვალსაზრისით. იგი სახლს გვირგვინივით ადგას. ქორედი გამოსულია გარეთ 15-20 სმ-ით, რაც მეტ ლაზათს ანიჭებს ნაგებობას მთლიანობაში.
ღებში ჩვენს დრომდე შემორჩენილი იყო ერთი დუროიანი სახლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ დაინგრა და მისგან ნანგრევები დარჩა.
ღების ხევში საბრძოლო დანიშნულების კოშკები შენდებოდა დუროიანი სახლი გვერდით და მასთან კავშირში. დუროიანი სახლის მესამე სართულის კედელში დატანებული კარი გვაფიქრებინებს, რომ მათ შორის უნდა ყოფილიყო გადასასვლელი, დამაკავშირებელი ხის ხიდი. ღებური კოშკი უმეტესად 6-7 სართულიანი იყო.
სიმაღლე დაახლოებით 18-20 მეტრი. სიმაღლესთან ერთად კოშკი ვიწროვდება გარედან, რაც მეტ სიმაგრეს აძლევს ნაგებობას. კოშკის დამამთავრებელი სართული საბრძოლო-თავდაცვით ბაქანს წარმოადგენდა თორმეტი დუროთი (ყოველი მხრიდან სამ-სამი დურო). დასანანია, რომ ღებური თვალშეუდგამი კოშკებიდან მხოლოდ ერთიღა შემოგვრჩა დღემდე – დედაღვთისად წოდებული, რომელიც გასულ წელს შეკეთდა. ღების თემის ტერიტორიაზე საგუშაგო კოშკებს.
ღებელები მაცხოვრის ტაძრის ეზოში