პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე დაშავებულ სამივე პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება.
მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას სამივე პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ახლა კი, სტაბილურია.
„იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები. შემოსვლისთანავე მათი მდგომარეობა იყო მძიმე. ამ ეტაპზე სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული, ასევე მდგომარეობის მხრივ, ვინაიდან ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ასევე, სამივე მათგანთან, გამოჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რაც ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ ეს არის დადებითი დინამიკა და სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის 100 პროცენტზე და შემცირდა ჟანგბადის კონცენტრაციის მიწოდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება დადებით დინამიკად ჩაითვალოს. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. სამივესთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე ამ მხრივაც დადებითი დინამიკაა. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია, არ ვლინდება.
ერთ პაციენტთან, იცით, რომ ნაწლავის გახეთქვა იყო და გაიკერა. ამ ეტაპამდე მისი მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ უარყოფითი დინამიკა ამ მხრივ არ ვლინდება.
ვიმედოვნებთ, რომ რთულ გზას, რაც ამ პაციენტებმა უნდა გაიარონ გამოჯანმრთელების პირობებში, ბეწვის ხიდზე, წარმატებით გავივლით მათთან ერთად“, – განაცხადა რატიანმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.