/როდის გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტი

როდის გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტი

Spread the love

 

 

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას ეცნობება.

„აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები.

ამ პერიოდიდან დღემდე ბევრი ეფექტური ღონისძიება განხორციელდა, რომელიც ჩვენ ეპიდემიის შეჩერებაში დაგვეხმარა.

მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, იქ მყოფ ტურისტებს და ყველა უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა.

მესტია არის იმის მაგალითი, თუ როგორ იბრძვის სახელმწიფო ეპიდემიის წინააღმდეგ“, – აღნიშნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ტურისტულ რეგიონებში მომატებული ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, რაც განსაკუთრებით შეეხება ზღვისპირა კურორტებს, კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება.

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება.

ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, ვირუსის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

 

 


Spread the love