ონის რაიონში მომხდარმა სტიქიამ გზები და ინფრასტუქტურა დააზიანა. სტიქიის ეპიცენტრში მოექცა სასტუმრო “მამისონი”, რომელიც ამ დრომდე დიდი საფრთხის წინაშე დგას.
ხელისუფლებამ სასტუმროში მყოფი დამსვენებლები ვერტმფრენის საშუალებით გაიყვანა, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაცია ამ დრომდე საკუთარი ძალებით ებრძვის სტიქიას.
“ამბროლაურის ხმა” ესაუბრა სასტუმროს დირექტორს, გელა გუტაშვილს. მისი თქმით, ფესტივალის გამო აგვისტოში ბევრ ტურისტს ელოდნენ, თუმცა ახლა ყველა ჯავშანი 10 აგვისტოს ჩათვლით გაუქმებულია. ეს რა თქმა უნდა პანდემიისგან მიღებულ ზარალს კიდევ უფრო გაზრდის.
გელა გუტაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის წვიმა შეწყვეტილია თუმცა ადიდებული მდინარე კვლავ სასტუმროს ტერიტორიაზე მოედინება. ამ დრომდე თავად ცდილობენ სტიქიას გაუმკლავდნენ თუმცა ვარაუდობს, რომ მის ხელთ არსებული ტექნიკით სათანადოდ ვერ გაუმკლავდებიან საფრთხეს, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს.
მისივე თქმით, მარტო შოვი არაა ასეთ დღეში. მსგავსი სიტუაციაა გონაში, ღებში, ჭიორაში, გლოლში, უწერასა და სხვაგან.