ინსულტი, დელირიუმი, შფოთვა, დაბნეულობა, დაღლილობა – ეს იმ დაავადებათა მოკლე ჩამონათვალია , რასაც კორონავირუსი იწვევს.
თუ ფიქრობთ რომ Covid-19 მხოლოდ რესპირატორული დაავადებაა, ძალიან ცდებით.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შეშუპება, რასაც ახლავს დელირიუმის ეპიზოდები (ბოდვა). ასევე, კორონავირუსს შეუძლია ნევროლოგიური პრობლემების უზარმაზარი სპექტრი გამოიწვიოს.
პაციენტებს განუვითარდათ გაიან-ბარეს მსგავსი ნერვული სისტემის აშლილობები, რომლებიც იწვევს პარალიზს, რამდენიმეს კი აღენიშნა სიცოცხლისათვის საშიში ინსულტი.
NYU Langone Health– ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვით, თანხვედრი დაავადებები აღენიშნებოდათ მსუბუქ პაციენტებსაც.
მათ განუვითარდათ, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დაღლილობა, კონცენტრირების პრობლემები.
მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნევროლოგიური სიმპტომები მხოლოდ მძიმე პაციენტებს არ ახასიათებდა (რომლებსაც ფილტვების ვენტილაცია ან ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ).
„შესაძლოა გქონდეთ მწვავე ნევროლოგია, შესაძლოა იყოთ საკმაოდ ავად, მაგრამ სინამდვილეში გქონდეთ ჩვეულებრივი ფილტვების დაავადება“, — ამბობს ზანდი.
კონსულტანტ – ნევროლოგ, დოქტორ არვინდ ჩანდრატევის ინფორმაციით, მის ერთ–ერთ პაციენტს, კლინიკაში მიყვანისას სახეზე უსიცოცხლო გამომეტყველება ჰქონდა, ვერ გაერკვია, როგორ გამოეყენებინა ტელეფონი და არ ახსოვდა მისი კოდი.
”მე მაშინვე ვიფიქრე, რომ ვირუსმა გამოიწვია სისხლდენა თავის ტვინში, მაგრამ ის რაც დავინახეთ, სრულიად უცნაური და განსხვავებული იყო.”
ტესტებმა აჩვენა, რომ პაციენტებს სისხლში შედედების გასაოცრად მაღალი დონე გააჩნდათ , რომელიც ცნობილია როგორც D- დიმერის სახელწოდებით.
ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ორგანიზმში ეს მაჩვენებელი 300-ზე ნაკლებია, ხოლო ინსულტის დროს პაციენტის ორგანიზმში შეიძლება გაიზარდოს 1000-მდე. ხოლო კვლევის ფარგლებში, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს ეს მაჩვენებელი 80 000-ზე მეტი ჰქონდა.
”ადრე არასდროს მინახავს შედედების ეს დონე – ეს იყო მისი სხეულის რეაქცია ვირუსსზე, რამაც გამოიწვია მისი სისხლის წარმოუდგენელი წებოვანება” – ამბობს დოქტორ ჩანდრატავა.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს კორონავირუსით დაავადებული 43 პაციენტი, რომელთა ასაკი 16-დან 85 წლამდე მერყეობდა. ყველა მათგანი მკურნალობდა ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნულ ჰოსპიტალში, 9 აპრილიდან 15 მაისამდე.
მათგან ათ პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტვინის მწვავე შეშუპება, რასაც ახლდა დელირიუმის ეპიზოდებიც. ერთმა 55 წლის ქალმა, რომელსაც მანამდე არანაირი ფსიქიატრიული ისტორია არ ჰქონია, ქმრის განცხადებით, საავადმყოფოდან გაწერიდან სამი დღის შემდეგ უცნაურად ქცევა დაიწყო.
კვლევის მონაწილე კიდევ 12 პაციენტს აღენიშნებოდა შეშუპება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში; ამ ჯგუფში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ 12 პაციენტიდან ცხრას მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის (ADEM) დიაგნოზი დაესვა — იშვიათი სახის ანთება, რომელიც ძირითადად ბავშვებში, ყბაყურასა და წითელას ინფექციების დროს თავისა და ზურგის ტვინის ნერვებს „ურტყამს“.
როგორც კვლევის ავტორები იუწყებიან, მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის შემთხვევათა რაოდენობა კორონავირუსის პანდემიამდე ჰოსპიტალში თვეში ერთი იყო, პანდემიის შემდეგ, აპრილსა და მაისში კი კვირაში ორი-სამი.
კვლევაში მონაწილე შვიდ სხვა პაციენტს გაიენ-ბარეს სინდრომის დიაგნოზი დაესვა; მათგან ზოგიერთს, ნევროლოგიური სიმპტომები COVID-19-ის სხვა სიმპტომებიდან სამი კვირის შემდეგ განუვითარდა.
დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, კორონავირუსის მქონე პაციენტში ტვინის გართულება 125 პაციენტს აღენიშნებოდა. სისხლის შედედების გამო თითქმის ნახევარს ჰქონდა ინსულტი, ხოლო სხვებს ჰქონდათ თავის ტვინის ანთება, ფსიქოზი ან დემენციის მსგავსი სიმპტომები.
მოხსენების ერთ-ერთმა ავტორი, ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორ ტომ სოლომონის ინფორმაციით ”ახლა უკვე ნათელია, რომ ეს ვირუსი თავის ტვინის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, თუმცა თავდაპირველად ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვირუსი მხოლოდ ფილტვებს აზიანებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, როგორიცაა სისხლის შედედების პრობლემები და იმუნური სისტემის ჰიპერ-ანთებითი რეაქცია. ვირუსი თავისთავად აზიანებს თავის ტვინს. “
კანადაში, ნეირომეცნიერმა პროფ. ადრიან ოუენმა წამოიწყო გლობალური ონლაინ გამოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ვირუსი შემეცნებაზე. ოუენმა თქვა: “ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინფიცირებული პაციენტები დაუცველები არიან კოგნიტური უნარების დაკარგვისაგან. ასე რომ, რამდენადაც იმატებს Covid-19–ის გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, უფრო აშკარა ხდება, რომ ეს მათი გამოჯანმრთელების მხოლოდ დასაწყისია და არა დასასრული. Covid-19–ის უახლოესი შედარებაა 1918 წლის გრიპის პანდემია. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ვირუსმა ტვინის უამრავი დაავადება წარმოიქმნა მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში.”
„ჩემი წუხილი ის არის, რომ ახლა COVID-19-ით ინფიცირებული მილიონობით ადამიანი გვყავს. წელიწადში ალბათ 10 მილიონი გამოჯანმრთელებული გვეყოლება და ამ ადამიანებს შესაძლოა კოგნიტური დეფიციტი ჰქონდეთ… ეს კი გავლენას იქონიებს შრომისუნარიანობაზე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, — განუცხადა Reuters-ს ნეირომეცნიერმა ადრიან ოუენმა, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს კორონავირუსთან ცხოვრება განუსაზღვრელი ვადით. მაგრამ მნიშვნელოვანია კოვიდ ინფიცირებულ პაციენტების, რომლებსაც აქვთ ნევროლოგიური სიმპტომები, თავის ტვინის გრძელვადიანი კვლევა.
მომზადებულია The Washington post-ის, Reuters-ისა და News medical life sciences – ის მიხედვით.