/რაჭის რეგიონში მოსავალი სრულად დაბინავებულია

რაჭის რეგიონში მოსავალი სრულად დაბინავებულია

Spread the love

სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია.

17 ოქტომბრის მონაცემებით,   ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300 -მდე მევენახემ ჩააბარა და მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია. მიმდინარე წელს, ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა 60-მდე მეტი კერძო კომპანია, რომლებმაც მოსახლეობისგან შეიძინა ყურძენი.  რაჭის რთველის დროს  მოსავალი ფაქტობრივად მხოლოდ კერძო სექტორის მიერ გადამუშავდა.

ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავების, რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ.

ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევდნენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოეწყო სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მომხდარიყო ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.

რთველის პროცესში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 30-ზე მეტი პუნქტი იყო გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევდა.

რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებდა.

რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.

ღსანიშნავია, რომ ლეჩხუმის რეგიონს წელს ადგილწარმოშობის ღვინო „ოყურეშის უსახელოურის“ დაემატა, რომლის მიკროზონა მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. ოყურეშის უსახელოური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან. „ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის:  მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.


Spread the love