პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების წესი იცვლება. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მომზადდა.
რა იცვლება:
“კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან.
კანონპროექტის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს მაშინ. თუ:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ;
გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ;
დ) ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად ედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე. თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის ასევე 12 თვე. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს.
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს ქონებაზე ყადაღის დადების საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვიანობა, რამაც შესაძლოა სასამართლოებისთვის ხარჯების გაზრდა გამოწვიოს. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლეგიტიმური მიზნების განხილვა წარიმართოს არა ზოგადად, ერთიანად და ყველა შემთხვევაში მოხდეს ან სარგებლობის აკრძალვა ან განკარგვის აკრძალვა, არამედ ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით, იმის მიხედვით თუ რა მიზანს ესწრაფვის პროკურატურა და სასამართლომ რა მიზნისთვის უნდა დააკმაყოფილოს შუამდგომლობა.
„ჩვენ გთავაზობთ, რომ ავტომატურად განკარგვის აკრძალვა არ ნიშნავდეს სარგებლობის აკრძალვას. იმ შემთხვევაში თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობის აკრძალვაც მოხდება“ – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული, რამდენ ქონებას ედებოდა ყადაღა არსებული წესით.