/ჯანმო: გადაუდებელი ცვლილებებია საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიატრიული დახმარების სფეროში

ჯანმო: გადაუდებელი ცვლილებებია საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიატრიული დახმარების სფეროში

Spread the love

  • 2019 წელს, თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი, მათ შორის მოზარდთა 14%, ცხოვრობდა ფსიქიკური დარღვევით.
  • დღესდღეობით, ყოველი 100 სიკვდილიდან 1 სიკვდილი სუიციდია. თვითმკვლელობათა 58% ხდება 50 წლამდე.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე ადამიანები, საშუალოდ 10-20 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, რისი მიზეზიც ძირითადად პრევენცირებადი ფიზიკური დაავადებებია.
  • ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა და ბულინგი დეპრესიის მთავარ მიზეზებს შორისაა.
  • სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციები, ომი და კლიმატის ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალურ, სტრუქტურულ საფრთხეებს შორისაა.

უახლესი ანგარიში მოუწოდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებებს და აქტივისტებს გაზარდონ თავიანთი ვალდებულება და გააძლიერონ ქმედებები, რათა შეცვალონ დამოკიდებულებქმედება და მიდგომა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მის განმსაზღვრელ ფაქტორებთან და ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს პირველ ყოვლისმომცველ მიმოხილვას მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ 21-ე საუკუნეში. ანგარიშში მოცემულია დეტალური გეგმა მთავრობების, აკადემიური სექტორისთვის , ჯანდაცვის პროფესიონალების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა აქტორებისათვის, თუ როგორ დაუჭირონ მხარი მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდაქმნას.

2019 წელს, თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი – მათ შორის მსოფლიოს მოზარდების 14% – ცხოვრობდა ფსიქიკური დარღვევით. დღესდღეობით, ყოველი 100 სიკვდილიდან 1 სიკვდილი სუიციდია. თვითმკვლელობათა 58% ხდება 50 წლამდე. ფსიქიკური დარღვევები შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების მთავარი მიზეზია, რაც იწვევს ცხოვრების წლების ერთ მეექვსედის შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრებას. ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების მქონე ადამიანები, საშუალოდ 10-დან 20 წლით ნაკლებს ცხოვრობენ, რისი მიზეზიც ძირითადად პრევენცირებადი ფიზიკური დაავადებებია. ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა და ბულინგი დეპრესიის ძირითადი მიზეზებია. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციები, ომი და კლიმატის ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალურ, სტრუქტურულ საფრთხეებს შორისაა. მხოლოდ პანდემიის პირველ წელს დეპრესია და შფოთვა ადამიანებში 25%-ზე მეტით გაიზარდა.

სტიგმა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ადამიანების მიმართ ფართოდ არის გავრცელებული ბევრ საზოგადოებასა და მათ ჯანდაცვის სისტემებში. მსოფლიოს მასშტაბით, 20 ქვეყანაში თვითმკვლელობის მცდელობა ჯერ კიდევ კრიმინალიზებულია. გლობალურად, საზოგადოების ყველაზე ღარიბი და დაუცველი ნაწილი ფსიქიკური დარღვევის განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის. ამასთანავე, ადამიანების ამ ჯგუფისთვის ადეკვატური მომსახურების მიღება კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოა.

COVID-19 პანდემიამდეც ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა წვდომა ეფექტურ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან მომსახურებაზე. მაგალითად, მსოფლიოში  ფსიქოზის დროს, ადამიანთა 71% არ აქვს მომსახურებაზე წვდომა. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, შემთხვევათა 70%-ს აქვს წვდომა მკურნალობაზე, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში –  მხოლოდ 12%-ს. რაც შეეხება დეპრესიას, მომსახურების მოცვის ხარვეზები ყველა ქვეყანაში არსებობს: მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც კი, დეპრესიის მქონე ადამიანების მხოლოდ მესამედი იღებს ფორმალურ დახმარებას. დეპრესიის მინიმალურად ადეკვატური მკურნალობის არსებობა შეფასებულია 23%-დან (მაღალშემოსავლიან ქვეყნებში) 3%-მდე  (დაბალი და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში).

უახლესი მტკიცებულებების საფუძველზე, სწორი პრაქტიკის გამოყენებით და ადამიანების ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჯანმოს ანგარიში ცხადყოფს თუ რატომ და სად არის ცვლილება საჭირო  ყველაზე მეტად  და რა არის მისი მიღწევის საუკეთესო გზები. ჯანმო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ერთად იმუშაონ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მინიჭებული ღირებულებისა და ვალდებულების გაღრმავების მიზნით, შეცვალონ გარემო, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გააძლიერონ სისტემები, რომლებიც ზრუნავენ მასზე.

„ჩვენ ყველა ვიცნობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც. ფსიქიკური ჯანმრთელობა პირდაპირ გავლენას ახდენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. უახლესი ანგარიში წარმოადგენს დამაჯერებელ არგუმენტებს ცვლილების სასარგებლოდ.  მჭიდრო კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის ნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ტრანსფორმაციამ შეიძლება მოიტანოს რეალური სარგებელი ინდივიდებისა და საზოგადოებებისათვის. ინვესტიცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაში არის ინვესტიცია ყველასთვის უკეთესი ცხოვრებისა და მომავლისთვის,” განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

ჯანმოს 194-ვე წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 2013-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, რომელიც მათ ავალდებულებს მიაღწიონ ფსიქიკური ჯანმრთელობის გარდაქმნის გლობალურ მიზნებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესი ადასტურებს, რომ ცვლილება შესაძლებელია, თუმცა ის არ ხდება საკმარისად სწრაფად. ფსიქიკური ჯანმრთელობა რჩება არასაკმარისად დაფინანსებულ და უგულებელყოფილ სფეროდ, სადაც მომსახურებაზე ისედაც მწირი საჯარო დანახარჯების ორი მესამედი ეთმობა სპეციალიზირებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს და არა პირველად ჯანდაცვაში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს, რომლებსაც შეუძლიათ ოპტიმალურად მოემსახურონ მოსახლეობას. ფსიქიკური ჯანმრთელობა ათწლეულების მანძილზე რჩებოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე უგულველყოფილ სფეროდ  და მისთვის საჭირო ყურადღებისა და რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილი ეთმობოდა.

ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების დეპარტამენტის დირექტორი დევორა კესტელი სიტუაციის შეცვლას ითხოვს: „თითოეულ ქვეყანას აქვს საკმარისი შესაძლებლობა, მიაღწიოს ხელშესახებ პროგრესს საკუთარი მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ამ ანგარიშში მოყვანილია მრავალი მაგალითი, იქნება ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ჩართვა ჯანმრთელობის დაზღვევის სქემებში, საზოგადოებაზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაარსება ან გაუმჯობესება, ან ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირება ზოგად ჯანდაცვაში, სკოლებში თუ პენიტენციურ სისტემებში. სტრატეგიულმა ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სიტუაცია“.

  1. გააღრმავეთ ის ღირებულება და ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობას ვანიჭებთ.

მაგალითად:

ინვესტიციების გაძლიერება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, არა მხოლოდ ჯანდაცვისა და სხვა სექტორებში შესაბამისი სახსრებისა და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფით, ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, არამედ აგრეთვე გაძლიერებული ხელმძღვანელობით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გატარებით და ძლიერი საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემების დანერგვით.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მონაწილეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად, უთანასწორობის შესამცირებლად და სოციალური სამართლიანობის განმტკიცების მიზნით.

  1. შეცვალეთ გარემო ფაქტორებირომლებიც გავლენას ახდენენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მათ შორის შინ, საზოგადოებასა და საგანმანათლებლო გარემოში, სამუშაო ადგილზე, ასევე ჯანდაცვის სერვისებსა და ბუნებრივი გარემოში.

მაგალითად:

ამ სექტორებში ჩართულობის გაძლიერება, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციალური და სტრუქტურული განმსაზღვრელი ფაქტორების გაგება და ჩარევა ისეთი გზებით, რომლებიც ამცირებენ რისკებს, აძლიერებენ გამძლეობას და აღმოფხვრიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულყოფილ მონაწილეობას.

კონკრეტული ქმედებების განხორციელება ფსიქიკური ჯანმრთელობის გარემოს გასაუმჯობესებლად, როგორიცაა ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი ძალადობის, ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანების მიმართ ძალადობისა და მათი უგულებელყოფის წინააღმდეგ ქმედებათა გაძლიერება; ადრეული ბავშვობის განვითარებაზე ზრუნვის გაძლიერება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობა, სოციალური და ემოციური სწავლების პროგრამების დანერგვა სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულებების შეცვლა და უფლებების გაძლიერება, მწვანე სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და იმ საშიში პესტიციდების აკრძალვა, რომლებიც დაკავშირებულია მსოფლიოში სუიციდის შემთხვევათა ერთ მეხუთედთან.

  1. ფსიქიატრიული დახმარების გაძლიერება იმის გათვალისწინებით სად, როგორ და ვის  მიერ იქნება ის მიღებული და უზრუნველყოფილი.

სათემო ქსელების შექმნა, რომელიც აერთიანებს ურთიერთდაკავშირებული სერვისების ტიპებს და საშუალებას აძლევს შეცვალოს დახურულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ზრუნვის მოდელი ისეთი მოდელით, რომელიც მოიცავს ზრუნვისა და მხარდაჭერის სპექტრს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების კომბინაციის საშუალებით, რომლებიც ინტეგრირებულია ზოგადი ჯანდაცვის სფეროში, სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებსა და ჯანდაცვის მიღმა არსებულ სერვისებში.

აუცილებელია მომსახურების სახეების დივერსიფიკაცია და გაფართოება ფართოდ გავრცელებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა,  რადგან ისინი ხუთჯერ აღემატება სარგებელს ხარჯებთან შედარებით. ზრუნვის ეს ფართო გამოყენება გულისხმობს ამოცანების დელეგირებას, სადაც  მტკიცებულებაზე დაფუძნებული მომსახურება შეიძლება უფრო ფართოდ იყოს უზრუნველყოფილი ზოგადი ჯანდაცვის მუშაკებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციების მიერ. ის ასევე მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას მართული და არამართული თვითდახმარების მხარდასაჭერად და დისტანციური მომსახურებისთვის.

იხილეთ ანგარიში ბმულზე.


Spread the love