/განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებ

განათლების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებ

Spread the love

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიების მოწყობის უფლება ექნებათ, ქალაქიდან ღამისთევით გასვლა კი იკრძალება. ასევე, მანძილი სკოლიდან მოსანახულებელ ადგილამდე 150 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.

სამინისტროს ცნობით, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეეძლება.

ექსკურსიის დაგეგმვისას, ორგანიზატორმა სკოლის დირექტორს არანაკლებ 10 დღით ადრე უნდა წარუდგინოს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასევე ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. სკოლის დირექტორმა უნდა განიხილოს წარდგენილ ინფორმაცია და დოკუმენტები და პერსონალური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 

“მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე. ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს. მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე. ექსკურსიის ორგანიზატორი ვალდებულია მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და ექსკურსიაში მონაწილე სხვა პირებს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, დაგეგმილ ღონისძიებათა მიზნების, აქტივობების და მონაწილე და პასუხისმგებელი პირების შესახებ. 

ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე. ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები. ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ”. – წერია განცხადებაში. 

ასევე, განათლების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრასპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სატრანსპორტო საშუალებას უნდა მართავდეს შესაბამისი გამოცდილებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი საჭიროების გათვალისწინებით. დამატებით, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ნებისმიერი აქტივობის ჩატარებისას დაცული უნდა იქნას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ყველა რეგულაცია. გარდა კოვიდრეგულაციების დაცვის აუცილებლობისა, უნდა შეიზღუდოს სხვა ნებისმიერი რესპირატორული დაავადების ნიშნების მქონე პირთა მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებში”. – ინტერპრესნიუსის ცნობით, წერია განცხადებაში. 


Spread the love