/თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

Spread the love

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს. თიბისის ახალი ინიციატივის მიზანი,  ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. 

აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია ,,აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. ხოლო მეფრინველეობის დარგში თიბისი კომპანია ,,ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.

ფინანსური რესურსი, რომელსაც თიბისი ფერმერებს სთავაზობს 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე მერყეობს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 10 წელს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეხილეობის ნაწილი შესაძლებელია მთლიანად დაფინანსდეს სახელმწიფო პროგრამის ,,შეღავათიან აგროკრედიტის“ ფარგლებში, რომელიც  ძირითად საშუალებებს სრულად აფინანსებს, რაც მოიცავს ბაღების გაშენების და მოვლის ხარჯებს კომერციულ მსხმოიარობამდე (ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების დარგვა, სარწყავი სისტემები და მოვლა), შესაბამისად მსესხებელს თანამონაწილეობა არ მოეთხოვება.

მეფრინველეობის შემთხვევაში კი, თიბისი საპროგნოზო შემოსავლებს ეყრდნობა და ფერმერთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავს პროექტებს. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კალკულაცია, რაში დახარჯავს  ფინანსურ რესურსს და მას საპროგნოზო შემოსავლებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. ძირითადი საშუალებების დაფინანსება აქაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში მოხდება, სახელმწიფო ფერმერს ოთხი წლის განმავლობაში დაუფინანსებს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს წლიური 11%-ის ოდენობით.

თიბისი, როგორც ბიზნეს სექტორის ლიდერი მხარდამჭერი, სტარტაპებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 2016 წლიდან აფინანსებს და ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული.  


Spread the love