/პირველად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, რთველი ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩატარდა

პირველად, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, რთველი ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩატარდა

Spread the love

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას შეფასებით, რაჭაში _რთველი მაღალორგანიზებულად ჩატარდა, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.

„ისევე როგორც კახეთში, რაჭაშიც, რთველის მიმდინარეობის მანძილზე არანაირი დაბრკოლება არ გვქონია. სულ რამდენიმე დღეში, მაღალმთიან რაჭა-ლეჩხუმშიც დაბინავდება მოსავალი.

წელს რთველთან ერთად, ისეთი სიახლეებიც დავნერგეთ, რაც მომავალში ქართული მეღვინეობის წარმატების საწინდარია – ვენახების კადასტრის პროგრამა. წლევანდელი რთველი პირველად ჩავატარეთ ვენახების კადასტრის პირობებში. ეს მევენახეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ვენახების კადასტრის გარეშე არ არსებობს განვითარებული მევენახეობის არც ერთი ევროპული ქვეყანა. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმში აღვწერეთ მევენახეობის სრული ინფორმაცია, დაწყებული ვენახების გეოგრაფიული მდებარეობით, დასრულებული ვაზის ჯიშებისა და მევენახეების რაოდენობის სტატისტიკით. მომავალში სწორედ ეს ინფორმაცია განსაზღვრავს, რა სახეობის მაღალხარისხოვანი ქართული ღვინო შეგვიძლია ვაწარმოოთ.  კადასტრის პროექტი მუდმივად განახლებადია. ამ დროის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმში  1700 მევენახეა და  გაშენებული ვენახების  ფართობი 500 ჰექტარზე მეტია“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ მევენახე ფერმერთა მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევ როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდიას აიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც  შეიძინა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 7 ლარს გადაუხადა. სუბსიდიის თანხა შეადგენს 3 ლარს 1 კგ როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება რაჭის რთველის სპეციფიკაზეც გაამახვილა. კერძოდ, ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რაჭის რეგიონის შესასვლელებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებზე მოწმდება ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან რაჭის შემოტანა.  ამავე მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს.

წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 1700 ტონამდე ალექსანდრიული და მუჯურეთული გადამუშავდა.


Spread the love