6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1484 ლარი გახდა.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.27 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6326 ლარი გახდა. 1.26-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.2705 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა – აუქციონის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, თუმცა მას შემდეგ ყოველდღიურად უფასურდება.
ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 ოქტომბრიდან შევა ძალაში.