საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. შესაბამისი განკარგულება, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა, 2 აგვისტოს გამოსცა, რაც ნიშნავს იმას, რომ „საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული შეზღუდვები, რომელთა ნაწილი მასწავლებლებსაც ეხება, უკვე ძალაშია.
„საარჩევნო კოდექსის“ ახალ რედაქციაში, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერები გვხვდება. დოკუმენტში უკვე ხაზგასმულია, რომ ადმინისტარციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება საარჩევნო აგიტაციაში მასწავლებლების, ან ბაღის აღმზრდელების სამუშაო საათებში ჩართვა.
„წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება: საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება“, – ვკითხულობთ „საარჩევნო კოდექსში“.
დოკუმენტში ასევე გვხვდება ჩამონათვალი, თუ რომელი კატეგორიის მოხელეებს ეკრძლებათ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, მათ შორისაა ბაღებისა და სკოლების დირექტორები და თანამშრომლები, თუმცა არსებობს ასეთი დათქმა, რომ ეს შეზღუდვა ეხება სამუშაო საათებს.
„საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება: საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელოვნებო დაწესებულებებისა, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა) თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა, აღმზრდელ-პედაგოგისა, აღმზრდელისა, მასწავლებლისა, იქ დასაქმებული სხვა პირისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს“, – აღნიშნულია ნორმატიულ აქტში.
იგივე დოკუმენტის თანახმად, ზემოთხსენებული მოთხოვნების დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.