/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

Spread the love

კონკურსი 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 664 საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, ჯამში 29 312 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად  გამოცხადდა.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს პროფესიული კადრების შერჩევას, რაც ინტერესთა კონფლიქტის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელდება.

ცესკო მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს, ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას. მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, უფლებამოსილ ჩართულ მხარეებს მისცენ შესაძლებლობა გაეცნონ როგორც საკონკურსო დოკუმენტაციას, ისე თვალი ადევნონ  აღნიშნულ პროცესს.

ცესკო დამატებითი რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:

პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;

საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;

საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა;

საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორის: „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, „ახალგაზრდული ბანაკები“ მონაწილეობა.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საკანონმდებლო კრიტერიუმის მიხედვით აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც  პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე.

შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 წლის ასაკიდან პირადად ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 12 აგვისტოს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში და გამოქვეყნებულია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების შერჩევას და პროცესის ეფექტიანობას.


Spread the love