საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების გამართვა, რომლებიც მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.
საბჭო მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, პირბადეები ატარონ არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს ისედაც სავალდებულოა, არამედ ღია სივრცეშიც, ვინაიდან პირბადე და სოციალური დისტანციის დაცვა, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, რათა ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს. სხდომაზე განიხილეს იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინაციისთვის დამატებითი სივრცეების მობილიზება. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უმოკლეს ვადებში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს და აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით, რაც შეიძლება მეტ ცენტრში იყოს შესაძლებელი. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სპეციალური შტაბები, რათა ადგილობრივად, ხელი შეეწყოს აცრების პროცესის კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 428 670 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 388 893 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 910 ადამიანი.ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 55 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2 173 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 045 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.