/თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში მოიხსნება

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში მოიხსნება

Spread the love

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში მოიხსნება, თუ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდება.

„მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვებით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები.

ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო მასშტაბით ​კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვითარება ჯერ სტაბილური არ არის.

„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. დავაკვირდეთ, რა ხდება მსოფლიოში. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია უფრო ფართომასშტაბიანად ჩატარდა, შეინიშნება კლების შემდეგ მატება. მაგალითად, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ურუგვაიში, რუსეთში. მსოფლიოში სტაბილური არ არის ჯერ სიტუაცია, არის კლება, მაგრამ რყევებით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის საკითხიც.

„მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ


Spread the love