უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა.
კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეძენილი თავიანთ ქვეყანაში, ან – საქართველოში.