/რაჭის ისტორიული ხეობა ,,კუდარო”

რაჭის ისტორიული ხეობა ,,კუდარო”

ავტორი: ნანა მაისურაძე

რაჭის ისტორიული ხეობა ,,კუდარო”

კუდაროს ქედი, გორმაღალის ქედი, კავკასიონის სამხრეთი შტოქედი, მდინარეების ქვედრულისა (ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი) და ჯეჯორის წყალგამყოფი. ჩრდილოეთით იწყება მთა გორმაღალასთან (3187 მ) და მთავრდება სამხრეთ-დასავლეთით მთა ველიანთით (2223 მ). აგებულია ქვედაცარცული კარქვებითა და ზედაეოცენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. კალთების ქვედა ნაწილში მთა-ტყის ლანდშაფტია, ზედაში — მთა-მდელოსი (ალპური და სუბალპური მდელოები).

კუდარო, სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთების შემცველი კარსტული წარმოშობის მღვიმეთა ჯგუფი (5 მღვიმე) ჯავის რაიონის სოფ. ჩასავლის მახლობლად. მდ. ჯეჯორის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1580-1600 მ. აღმოაჩინეს 1955 წელს. კუდარო I და კუდარო III განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კუდარო III დერეფნის ტიპის კარსტული მღვიმეა (სიღრმე 43 მ, სიგანე 2-6 მ, სიმაღლე 3-5 მ), რომელშიც ფიქსირებულია 5 კულტურული ფენა: აშელის, მუსტიეს, მეზოლითისა და ენეოლითის. აშელის ფენაში – ორმხრივდამუშავებული ხელცული, ასეთივე წესით დამუშავებული იარაღის ფრაგმენტი, უხეში სახოკი და სხვა. მუსტიეურ ფენებში – წვეტანები (მ. შ. ნაწილობრივ ორმხრივდამუშავებული), დაკბილულ-ამოღარული იარაღი და სხვა. მეზოლითურ ფენაში ნაპოვნია ასიმეტრიული სამკუთხა მიკროიარაღები, ზურგდაბლაგვული მიკროლამელები და სხვა.

კუდარო III-ის აშელურ-მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილია მღვიმის და მურა დათვის, მღვიმის ლომის, ჯიქის, ფოცხვერის, მარტორქის, კეთილშობილი ირმის, შვლის, ჯიხვის, ბიზონისა და სხვათა ძვლები.