რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭყვიშის მიდამოებში მდებარეობს. იგი XII საუკუნით თარიღდება. ტაძარი მიწისძვრას დაუნგრევია და XIII-XIV საუკუნეებში, გაბრიელ ლაბეჭინელის თაოსნობით, ხელახლა აუგიათ და მოუხატავთ. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებობა გამოირჩევა აზიდული პროპორციებით. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით. ეკლესიის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. დარბაზი აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით ნათდება. ეკლესიას მინაშენები ჰქონია, რომლებიც ამჟამად საძირკვლის დონემდეა დანგრეული. გრძივ კედლებს, გარედან თარო მიუყვება, რომელზეც გვერდითი სათავსების კამარები იქნებოდა დაყრდნობილი. აღმოსავლეთ ფასადზე შეწყვილებული ლილვით შემორკალული ორი სამკუთხა ნიშაა. ნიშებს სარკმელია, რომელსაც ორნამენტირებული საპირე აქვს. მარცხენა ნიშაში განედლებული ჯვრის რელიეფია. ასეთივე ჯვარია ფრონტონის არეშიც. დეკორირებულია დასავლეთის კარი და სარკმელიც. სამხრეთ ფასადის მორთულობა არ არის ტაძრის თანადროული. კედლებზე ასევე გვხვდება ლაპიდარული წარწერებიც. ფასადებს სადა, წრეთარგისა და წვრილი ლილვისგან შექმნილი ლავგარდანი შემოუყვება. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესია ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით.
XX საუკუნის დასწყისში ლაბეჭინის ეკლესიაში ჯერ კიდევ ყოფილა სახარება გადაწერილი საუკუნის ხელით, სადაც იხსენიებოდნენ გადამწერი გიორგი დვალი და ეტრატის შემქმნელი სუფი. სულ ბოლოს ყოფილა გაბრიელ ლაბეჭინელის წერილი, სადაც მოთხრობილი იყო ეკლესიის მშენობლობასთან დაკავშირებული საინტერესო ცნობები.
„… ცოდვათა ჩვენთა ღმერთმან მოაგო და მოაწია დიდი და საშინელი ძრვაი. მათ პირველთ ლაბეჭინელთა მოჭირვებული და შენებული თვით ჩემი ყუელაი ერთსა დღესა საფუძვლითურთ დაირღუა.შიგან ეკლესიასა,რაიცა ხატნი იყვნენ და მოწყობილობაი, დაილეწნეს და იავარ იქნეს, გარეთ ნაშენებიცა ყუელაი“
გარეთ ეკლესიის ეზოში გიორგი ინასარიძის საფლავის ქვაა რომელზედაც იკითხება შემდეგი წარწერა:
„ღმერთო შეიწყალე ფრიად ცოდვილი ინასარიძე, ესე არს განსასუენებელი ჩემი, უკუნით უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. ნეტარ არს გზა ესე, რომელსა წარმართებულ ხარ, შენ გევედრები გიორგი, უფალო, დიდებაჲ შენდა.“
ლაბეჭინაᲨი ინახებოდა ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის XI საუკუნის ჭედური ხატები (დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში) და სხვა.