/ვისზე არ გავრცელდება 4-11 მაისის “სავალდებულო დასვენების” დღეები – მთავრობის დადგენილება

ვისზე არ გავრცელდება 4-11 მაისის “სავალდებულო დასვენების” დღეები – მთავრობის დადგენილება

Spread the love

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა. მთავრობის განცხადებით, “სავალდებულო დასვენების დღეების” გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების მეორე შემთხვევაა. საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, თუ რომელი სექტორებისთვის არ ვრცელდება ეს მოთხოვნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სებ-ის რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებზე (ბანკებზე, მიკროსაფინანსოებზე, სესხის გამცემი სუბიექტებსა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებზე) ეს მოთხოვნა არ გავრცელდება. ამასთანავე, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით; შესაბამისად კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სერვისს თუ პროდუქტს აწვდიან სახელმწიფოს, საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობენ.

თავად საჯარო უწყებებს კი დადგენილებით განესაზღვრათ მოთხოვნა, შეიქმნას იმ პირთა ნუსხა, რომლებიც ე.წ. “უქმე დღეების” პერიოდშიც გააგრძელებენ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას.

მთავრობის დადგენილება ასევე ავალდებულებს ეკონომიკის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რათა მათ გამოსცენ ერთობლივი ბრძანება იმ სექტორების შესახებ, რომლებიც სავალდებულო დასვენების დღეებში შეუფერხებლად გააგრძელებენ საქმიანობას.

ანალოგიური ბრძანება მინისტრებმა გამოსცეს 3-15 იანვრის პერიოდისთვისაც, მაშინ დამატებით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის 13 სფერო, რომელთაც დასვენების დღეების პერიოდში შეუფერხებლად მუშაობა შეეძლოთ. ეს სფეროები იყო:

გამონაკლისი სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც უქმეები არ ეხებოდა:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია და სავაჭრო სექტორში რეალიზაცია.

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.

6. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

9. სამაშველო საქმიანობა.

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

13. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები


Spread the love