ავიაკომპანიები Georgian Airways, El Al Israel Airlines, Israir Airlines და Arkia საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების სიხშირეს ზრდიან. ამასთან, ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაახლა თბილისი – თელ ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას სრულდება;
მიმდინარე წლის 19 აპრილიდან, ავიაკომპანია El Al Israel Airlines თბილისი – თელ ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში ხუთი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი – ბათუმი – თელ ავივის მიმართულებით რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს;
ავიაკომპანია Arkia თელ ავივი – თბილისი – თელ ავივის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ ავივი – ბათუმი – თელ ავივის საჰაერო ხაზზე – კვირაში ხუთი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.
ავიაკომპანია Israir Airlines მიმდინარე წლის მაისიდან ზრდის ფრენის სიხშირეს და შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში რვა სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებით ივნისიდან ავიარეისებს კვირაში ხუთი სიხშირით განახორციელებს. ასევე ავიაკომპანია პერიოდულად გეგმავს დამატებითი რეგულარული ფრენების განხორციელებას როგორც თბილისის ასევე ბათუმის მიმართულებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭათ.