როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, სამთო კურორტებზე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით განახლდა საბაგიროების მუშაობა; შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს რესტორნებმა; ასევე, დასაშვები გახდა არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობებისთვის. ამ ეტაპზე ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებს.
საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს