/საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე

Spread the love

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი, მიღებულია 1921 წლის 21 თებერვალსსაქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.

1921  საქართველოს პირველი კონსტიტუცია, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე,ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში  , ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარი დოკუმენტი ნაჩქარევად დაიბეჭდა, თუმცა ამ მოვლენით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარი ადასტურებს, რომ პირველი კონსტიტუციის შინაარსი წლობით მუშავდებოდა, კონსტიტუციის შექმნაში კი, ჩართული იყო, როგორც იმდროინდელი ყველა პოლიტიკური პარტია, ისე მეცნიერები და საზოგადოება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა — ქართული; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. ამას მთლიანად მეთოთხმეტე თავი ეძღვნება, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალურ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით, მისი დედაენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა; ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახეწლმწიფოებრიობის განვითარებაში. მართალია, მას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში. პირველად 1992 წლის 21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა — მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.

 


Spread the love