პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება
საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება, – ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში 1-ლი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების განახლებასთან ერთად შევა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
განახლებული რეგულაციები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავა და უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.
კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი რეჟიმით, 1-ლი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.
რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.
თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ-ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.