/,,საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ”-გიორგი გახარია

,,საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ”-გიორგი გახარია

Spread the love

   საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტმა ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. დოკუმენტის ძირითადი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების 60 პროცენტი აიცრას.
„მოგეხსენებათ, მთავრობის წინა სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმაზე მუშაობის დასრულებისა და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. 15 დეკემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ – ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
„ძირითად მიზანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე 65-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Spread the love