/გაუგებრობა „MASTER LEAGUE 2020“-ის ირგვლივ

გაუგებრობა „MASTER LEAGUE 2020“-ის ირგვლივ

Spread the love

 

ამბროლაურის “მუხლის” გუნდის ტექნიკურმა მარცხმა ძალიან დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია, გვსურს საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნულ თემაზე.

წერილით მოგვმართა ,,მუხლი”-ს გუნდის  ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლადი ნეფარიძემ, რომელსაც სრულად გტავაზობთ:

,,ყოველ წელიწადს ზაფხულობით ამბროლაურში ტარდება საფეხბურთო ტურნირი მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის. წელს პირველად ეს ტურნირი ჩატარდა „მასტერ ლიგის“ სახელით. ჩვენ აქამდეც და წელსაც ვმონაწილეობდით ჩვენი სოფლის „მუხლის“ სახელით და გავიმარჯვეთ, სექტემბერში კი რეგიონალური ტურნირი მოვიგეთ.

ემდეგი ეტაპი უკვე იყო Master Cup – დასავლეთის კონფერენცია, რომელიც ბათუმში ტარდებოდა. პირველი თამაშის შესახებ გავიგეთ თამაშამდე ხუთი დღით ადრე, შეიკრიბა გუნდი და 6 დეკმბერს გავიმარჯვეთ 4-1 ბათუმის „ტერმინალის“ წინააღმდეგ. თუმცა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო პირველ თამაშამდეც. პირველი ის, რომ გუნდის უმეტესი ნაწილი იყო თბილისში და ბიჭებს თამაშამდე 5 საათი უნდა ემგზავრათ, რის შემდეგაც დაღლილები უნდა გასულიყვნენ სტადიონზე. ასევე ხარჯებთან იყო დაკავშირებული და რაშიც ამბროლაურის მერია დაგვეხმარა.

თამაში დანიშნული იყო 2 საათზე, თუმცა ერთ-ერთ ჩვენს მანქანას დააგვიანდა. შესაბამისად შევატყობინეთ მასტერ ლიგის ორგანიზატორებს და მათ გადაგვიტანეს თამაში საღამოს 16:30 საათზე. წინასწარი კომუნიკაციის დროს მასტერ ლიგის ორგანიზატორებმა რამდენჯერმე გაგვიმეორეს, რომ საჭიროების შემთხვევაში საშვებს გაგვიკეთებდნენ უპრობლემოდ. თუმცა გვიან დაწყებული და შესაბამისად გვიან დამთავრებული თამაშის შემდეგ, როცა ცხადი გახდა რომ გვჭირდებოდა საშვები თბილისში დასაბრუნებლად, ორგანიზატორებმა გამოგვართვეს პირადი ნომრები, რომ შეეთანხმებინათ საშვები, მალე დაბრუნდენ და უარი გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან.  ბოლო მომენტში დაგვაყენებს ფაქტის წინაშე, რომ დავრჩით საშვების  გარეშე. შემოგვთავაზეს ქობულეთში სასტუმროში დარჩენა, ნაწილმა ფეხბურთელებმა აირჩიეს ეს შესაძლებლობა, დანარჩენები კი მაინც წამოვიდნენ, იქედან გამომდინარე, რომ ფინანსებთან იყო დაკავშირებული დარჩენა, ასევე ზოგი მუშაობს და თბილისში უნდა ყოფილიყვნენ ორშაბათს.

შემდეგი საკითხია ვის წინააღდეგ გავიმარჯვეთ პირველ თამაშზე, კვირას. ჩვენ ვეთამაშეთ ბათუმის „ტერნინალს”, თუმცა ცხრილების მიხედვით ჩვენ უნდა გვეთამაშა ,,აჭარა 2″-თან,  ანუ „შახტიორსა“ და „ირემაძეებს“ შორის დამარცხებულ გუნდთან. „ტერმინალი“ კი არის ბათუმის მასტერლიგის ფინალისტი გუნდი. ამ უზუსტობის შესახებ ჩვენ ვკითხეთ ორგანიზატორებს, რომლებმაც გვითხრეს რომ ტექნიკური შეცდომა იყო, თუმცა საიტზე კვლავ ედოთ ინფორმაცია რომ ჩვენ ვეთამაშეთ „ირემაძეებს“ და გავიმარჯვეთ არა „ტერმინალთან“, არამედ „ირემაძეებთან“. ბოლოს ეს შეცვალეს.

შემდეგი თამაში იყო 1/8 ფინალი,  8 დეკემბერს, თამაშის წინა დღეს გვირეკავენ მასტერ ლიგის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რომ ჩვენი გუნდის განაცხადში არსებული ფეხბურთელების ნაწილი ვერ ითამაშებს, რადგანაც ჩვენ თავდაპირველ აგვისტოს დროინდელ განაცხადით შემადგენლობაზე დამატებული გვყავდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც ითამაშეს რაჭის რეგიონალური ტურნირის ფინალშიც,  ჩვენ გადამოწმებული ინფორმაცია გვქონდა, რომ შეგვეძლო ცვლილების გაკეთება განაცხადში, მაგრამ აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში როცა ,,მასტერ ლიგა” უკან არ იხევდა, გვეუბნებოდნენ რომ ვერ ვათამაშებდით ნაწილ ფეხბურთელებს.

რადგან თამაშის წინა დღე იყო, გამოსავალი არც გვქონდა, დავთანხმდით და თამაშზე ჩავედით ზუსტად შვიდი კაცით, რაც ნიშნავდა, რომ ცვლილების გარეშე მოგვიწევდა თამაში.

პირველ დეკემბერს, როცა შევიტყვეთ ბათუმის თამაშების შესახებ, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გადაგვეგზავნა განაცხადი. 14-დან 20 ფეხბურთელამდე. გავუგზავნეთ, მათ მიიღეს, არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ, პირველი თამაშიც 6 დეკემბერს ვითამაშეთ და მხოლოდ მეორე თამაშის წინ, 7 დეკემბერს გვითხრეს, რომ ნაწილი ვერ ითამაშებდა.

ცვლილებას დავთანხმდით და ის ფეხბურთელები შევიკრიბეთ, ვისი თამაშის უფლებაც ,,მასტერ ლიგა”-მ დაგვრთო.

ტრანსპორტირების ხარჯები ჩვენ თავზე ავიღეთ და დილის 7 საათზე თბილისიდან სამი ფეხბურთელი დავიძარით ბათუმისკენ. ოთხი ფეხბურთელი უკვე ბათუმში გვყავდა.

თამაში დანიშნული იყო 13:00 საათზე.

წინა საღამოს ჩვენ ვთხოვეთ, რომ დაენიშნათ 14:00 საათზე, თუმცა მაქსიმუმ 13:30-ზე დაგვთანხმდნენ.

ჩვენი ოთხი ფეხბურთელი 13:00 საათის შემდეგ იმყოფებოდა სტადიონზე, დანარჩენ სამს კი დაგვაგვიანდა. რეალურად სტადიონთან მივედით 13:52-ზე. გზაში როცა მივხვდით რომ გვაგვიანდებოდა ჩვენ ბიჭებს იქ დავურეკეთ და ვუთხარით რომ ორგანიზატორებთან შეეთანხმებინათ ჩვენი დაგვიანება რამოდენიმე წუთით. თუმცა ორგანიზატორებმა კატეგორიულად გამოგვიცხადეს რომ დაგველოდებოდნენ მხოლოდ 15 წუთი. ანუ 13:45-მდე, მათსავე დებულების გათვალისწინებით.

სტადიონთან მისვლა შევძელით მხოლოდ 13:49-ზე. სტადიონის შესასვლელთან ვიყავით ზუსტად ამ დროს. 3 წუთიც გავიდა სანამ დაცვამ ჭიშკარი გაგვიღო, სანამ გავირბინეთ წინ არსებული ორი დიდი სტადიონი და ამ დროს ორგანიზატორები, მსაჯები და ფეხბურთელებიც უკვე გვხედავდნენ. საათზე 13:52 იყო როცა ყველა გვხედავდა კიდეც რომ მივრბოდით და ამ დროს მსაჯმა, ორგანიზატორების მითითებით, მისცა სასტვენი და გამოაცხადა ჩვენი ტექნიკური მარცხი და ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდ „გურიას“ ჩაეთვალა 5-0 მოგება. ამ ყოვლადმიუღებელი გადაწყვეტილების შეცვლას ვთხოვდით ორგანიზატორებს, ვუხსნიდით რომ დაბრკოლებები გვქონდა გზაში და რომ გაეწიათ ანგარიში იმისთვის რომ 400 კილომეტრი გავიარეთ. თუმცა უშედეგოდ. „გურია“ 1/4 -ედ ფინალშია, ჩვენი გუნდი კი „გამოვარდა“ ტურნირიდან. ბათუმში ადგილზე ვერაფერს გავხდით, თუმცა ახლა მოვითხოვთ სამათლიანობის აღდგენას. ჩატარდეს „გურია“ – „მუხლის“ თამაში და გაიმარჯვოს ძლიერმა.  წარმოუდგენელია 400 კმ გავლილი, სტადიონზე მისული ფეხბურთელები, უკან გამოაბრუნო 7 გადაცილებული წუთის გამო. ეს ფეხბურთი აღარაა, ეს უკვე მავნებლობაა და ეჭვს ბადებს, რომ პუნქტუალურობას ამოფარებული ვიღაცის ინტერესია.”

,,ამბროლაურის ხმა”  აღნიშნულ საკითხის შესახებ დაუკავშირდა ტურნირის ორგანიზატორებს, რომლებმაც ასე განმარტეს ყელა გაუგებრობა:

,,იქიდან გამომდინარე, რომ ამბროლაურის “მუხლის” ტექნიკურმა მარცხმა ძალიან დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია, გადავწყვიტეთ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ამბროლაურის „მუხლს“ პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩის გამართვა უწევდა ბათუმის “ტერმინალის” წინააღმდეგ.

აღნიშნული მატჩი, როგორც სხვა დანარჩენი დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მატჩები, უნდა გამართულიყო ბათუმში ანგისას საფეხბურთო ბაზაზე 06 დეკემბერს 14:00 საათზე. ვინაიდან, ამბროლაურის “მუხლის” ფეხბურთელებმა გვაცნობეს, რომ ისინი მოდიოდნენ თბილისიდან და მათი ავტომობილი გაფუჭდა, ბათუმის გუნდ “ტერმინალთან” შეთანხმებით აღნიშნული მატჩი ჩატარდა 17:00 საათზე.

ამის შემდეგ, რადგანაც „მუხლის“ ფეხბურთელები თბილისში 21:00 საათამდე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ, შეიქმნა პრობლემა გადაადგილების დროებით საშვებთან დაკავშირებით, რისთვისაც ასოციაციამ გააკეთა მაქსიმუმი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

ასევე, გუნდს განემარტა, რომ გადაადგილების პრობლემის პრევენციის მიზნით, მათი თამაში ადრე ინიშნებოდა. ამასთან, განემარტათ, რომ მათაც, სხვა გუნდების მსგავსად ემგზავრათ ერთი სატრანსპორტო საშუალებით. თუმცა, “მუხლის” წარმომადგენლისგან მივიღეთ პასუხი, რომ მუნიციპალიტეტი არ უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტირებას და ამიტომ ვერ მოახერხებდნენ ერთი ტრანსპორტის დაქირავებას (როგორც აღმოჩნდა ეს ინფორმაციაც არაზუსტია, ვინაიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ლაშა ჩალაძეს განუმარტა, რომ გუნდს გამოეყო ტრანსპორტირების თანხა ).

რაც შეეხება უშუალოდ იმ მატჩს, რომელსაც მუხლის გუნდი აპროტესტებთ გეტყვით რომ გამომდინარე პანდემიური ვითარებიდან, ჩვენ საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით გვიწევს მატჩების ორგანიზება, მატჩის თამაშის დროსთან დაკავშირებით არაერთხელ მოხდა კომუნიკაცია “მუხლის” წარმომადგენელთან და მატჩის დროებიც ჩაინიშნა იმის შესაბამისად თუ რა მანძილის გამოვლა უწევდათ გუნდებს. თავდაპირველად, მატჩი უნდა დანიშნულიყო 13:00 საათზე და ნახევარი საათის მოგვიანებით სწორედ იმიტომ დაინიშნა, რომ გათვალისწინებულ იქნა „მუხლის“ წარმომადგენლის აზრი. (აქვე გაცნობებთ, რომ იმ დღეს უნდა გამართულიყო 4 მატჩი ¼ ფინალების და 7 მატჩი გოგონათა დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფების, თანაც იმგვარად, რომ ყველა გუნდს უკან დაბრუნება მოეხერხებინა 21:00 საათამდე).

13:00 საათზე, როდესაც “მუხლის” მოწინააღმდეგე გუნდი “გურია” უკვე იმყოფებოდა სტადიონზე და “მუხლი” კვლავინდებურად არ ჩანდა, ორი ფეხბურთელის გარდა რომელიც ბათუმში იმყოფებოდნენ, დავინტერესდით თუ სად იმყოფებოდა დანარჩენი გუნდი, რაზეც განგვიმარტეს, რომ გზაში ავტომობილის საბურავი გაუფუჭდათ და დრო დაკარგეს, თუმცა საყურადღებო და აღსანიშნავია ის ფაქტი რომ “მუხლის” წარმომადგენელს არ მოუმართავს და არაფერი არ უცნობებია არც აღნიშნულზე და არც გუნდის შესაძლო დაგვიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გუნდს 7×7 ფეხბურთის ჩემპიონატების „MASTER LEAGUE“-ის, „CHALLENGE LEAGUE-ს და „MASTER CUP“-ს 2020 წლის სეზონის დებულების 5.6 პუნქტის შესაბამისად ჩაეთვალა ტექნიკური მარცხი (5.6 მუხლი: თითოეული გუნდის ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს 7 ფეხბურთელი. თუ ჩემპიონატის მატჩის დაწყების დროს გუნდის შემადგენლობაში არ იქნება განაცხადში მყოფი სულ მცირე 7 ფეხბურთელი, თამაში არ დაიწყება და გუნდს ჩაეთვლება წაგება 0-5).

სამწუხაროა, რომ კიდევ გვიწევს იმის განმარტება, რომ თითოეული გუნდი ვალდებულია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ჩემპიონატს და დაემორჩილოს ჩემპიონატის ჩატარების დებულებასა და წესებს (ასევე აუცილებელია ვიფიქროთ არამხოლოდ ჩვენზე და ჩვენს ინტერესებზე, არამედ სხვა ადამიანებზეც, რომლებსაც ასევე უწევთ სახლებში დაბრუნება თამაშის შემდეგ). განგიმარტავთ, რომ დებულების დაცვა ნებისმიერი გუნდისთვის სავალდებულოა და ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან უმთავრესად იცავს მონაწილეთა თანასწორობის უფლებას.”


Spread the love