/,,ქვის ჰარმონია” ნიკორწმინდის ტაძარი (+ფოტოგალერეა)

,,ქვის ჰარმონია” ნიკორწმინდის ტაძარი (+ფოტოგალერეა)

Spread the love

 

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს.

X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.

ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრი, აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს.

ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია ფერისცვალების სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას.

განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი.

ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღებით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც.

სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები.

სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.

ტაძრის ეზოში აღმართულია სამსართულიანი სამრეკლო რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა: გიორგი მაღრაძე


Spread the love