პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
“პირბადეების [ღია სივრცეში] ტარებაზე დაწესებული იქნება ისეთივე რეგულაცია, როგორიც არის დახურულ სივრცეებში ტარებაზე. ეს არის 20 ლარი. ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ, ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებშიც”-განაცხადა ცქიტიშვილმა.
საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პირბადე მთელს მსოფლიოში აღიარებულია ვირუსის გავრცელების შენელებისა და თავდაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების მიერ პირბადის გამოყენებას ღია სივრცეებშიც, რადგან 90%-ის მიერ პირბადის სწორად გამოყენება ინფექციის გავრცელების რისკს 70%-ით ამცირებს.
ინფექციის გავრცელების მომატებული რისკის გამო, შეზღუდვა, რომელიც თბილისში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედ რესტორნებზე ვრცელდებოდა, მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს და ყველა რესტორანი 22:00 საათამდე იმუშავებს. ამასთან, კვლავ შეზღუდულია ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და ა.შ.