/შსს-მ გამოძიება 6 ფაქტზე დაიწყო | არჩევნები 2020

შსს-მ გამოძიება 6 ფაქტზე დაიწყო | არჩევნები 2020

Spread the love

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, უწყებამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე, მათ შორის:

  • ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის – ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.
  • ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია “ლეიბორისტების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა – ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
  • ასევე, გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისის ისნის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით (ცემა).

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შს მინისტრის მოადგილის თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე და აგრძელებენ აქტიურ მოქმედებებს. მისი თქმით,  საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

“მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. ჩვენ არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე პერიოდულად, პროაქტიულად მოგაწვდით ინფორმაციას” ,- ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

წყარო: ნეტგაზეთი https://bit.ly/2HV7ILi


Spread the love